კოალიციის მიმართვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარეს, ქ-ნ ნინო გვენეტაძეს

პატივცემულო თავმჯდომარევ,

ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მოგმართავთ და მოგიწოდებთ, შეჩერდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე კანდიდატის დანიშვნა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 22 თებერვლის #1/93 გადაწყვეტილების საფუძველზე, ბატონი მამუკა ახვლედიანი გათავისუფლებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან. ამჟამად თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარე, გიორგი ებანოიძე. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ამა წლის 4 მარტს იგეგმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა.

გათავისუფლების შესახებ ბრძანება სასამართლო წესით ერთი თვის ვადაში საჩივრდება. შესაბამისად, მიმდინარე წლის 2 მარტს მამუკა ახვლედიანმა მიმართა განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების გამოტანის მოთხოვნით. განცხადება, ისევე, როგორც სრული დავა, უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს სასამართლომ.

"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლები და კრიტერიუმები განსაზღვრული არ არის. მსგავსი რეგულაცია არ არის გაწერილი არც მოცემული ურთიერთობის მომწესრიგებელი რომელიმე სხვა აქტით. შესაბამისად, საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებული არ არის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის განთავისუფლების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში მის ნაცვლად უკვე დანიშნული თავმჯდომარის განთავისუფლების საკითხი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება მამუკა ახვლედიანის სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, ბათილად იქნება ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 22 თებერვლის #1/193 განკარგულება და ამასთან დაევალება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე აღდგენა და მოცემულ თანამდებობაზე უკვე დანიშნული იქნება ახალი თავმჯდომარე, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება აღდგენის ნაწილში არა თუ გაძნელდება, არამედ შეუძლებელი გახდება. ერთი მხრივ, სახეზე იქნება განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, მეორე მხრივ, შეუძლებელი იქნება აღდგენის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რადგან თავის მხრივ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების არსებობა ახლად დანიშნული თავმჯდომარის განთავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენს.

უფლებების სასამართლო წესით დაცვის შემთხვევაში, დამატებით აუცილებელია გამოყენებულ იქნას ღონისძიება, რომელიც აღმოფხვრის გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს და ეს ღონისძიება უნდა იყოს ახალი კანდიდატის დანიშვნის შეჩერება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ახალი კანდიდატის დანიშვნით ჩნდება საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება ბატონი მამუკა ახვლედიანის უფლების რეალიზაციას, ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება. არსებული სამართლებრივი სისტემიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ სარჩელის დაკმაყოფილების მომენტისათვის აღარ იარსებებს შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები, ანუ ვაკანტური არ იქნება თავმჯდომარის თანამდებობა, გადაწყვეტილება აღდგენის ნაწილში ვერ აღსრულდება ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამო. სწორედ ამიტომ, მოგმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თავი შეიკავოთ მოქმედების განხორციელებისაგან, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნისაგან, სანამ არსებული დავის ნაწილში არ იქნება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული მდგომარეობით გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა. 2016 წლის 22 თებერვალს, მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან განთავისუფლების დღესვე საბჭოს გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დაეკისრა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეს, გიორგი ებანოიძეს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იგივე უფლებამოსილებით სარგებლობს, რა უფლებამოსილებაც თავმჯდომარეს გააჩნია და ასევე, არ არის უფლებამოსილების განხორცილების ლიმიტირებული ვადა. შესაბამისად, დანიშვნის გადავადების შემთხვევაში არ დაზარალდება არც თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმიანობა და არც რაიმე საფრთხეს/შეფერხებას შექმნის მისი ადმინისტრირების კუთხით.

ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაინტერესებული უნდა იყოს მართლმსაჯულების აღსრულებით. მართლმსაჯულება კი დავის მხოლოდ სასამართლოს მიერ განხილვას არ გულისხმობს და თავისთავში ის მოიცავს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. შესაბამისად, მოვუწოდებთ საბჭოს, შეაჩეროს ახალი თავმჯდომარის შერჩევა/დანიშვნის პროცესი და ამით ხელი შეეწყოს მართლმსაჯულების განხორციელებას.

პატივისცემით,

ანა ნაცვლიშვილი
გამგეობის თავმჯდომარე

დოკუმენტის ჩამოტვირთვა:

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404