ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024

კოალიცია 24 მარტს ჩატარებულ კონფერენციას ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებლად აფასებს

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 24 მარტს ჩატარებულ მოსამართლეთა XXXII კონფერენციაზე განვითარებულ მოვლენებს და საბჭოს წევრებად გავლენიანი მოსამართლეების - ლევან თევზაძის, ვასილ მშვენიერაძის და ნიკოლოზ მარსაგიშვილის ხელახლა არჩევას ეხმიანება. როგორც მოსალოდნელი იყო, მოსამართლეთა გავლენიანმა ჯგუფმა კონფერენცია ევროკომისიის მიერ მოთხოვნილი კეთილსინდისიერების შემოწმების იდეისა და ინდივიდუალური მოსამართლეების დისკრედიტაციისთვის გამოიყენა. ამასთან, კვლავ გაგრძელდა, მნიშვნელოვან მენეჯერულ თანამდებობებზე კლანის წევრების როტაცია.

კონფერენციაზე პირველ საკითხად მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაზე ევროკომისიის რეკომენდაცია განიხილეს. გავლენიანმა ჯგუფმა,[1] დამსწრე მოსამართლეებს რეკომენდაციის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. კერძოდ, კლანმა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის გამოყენება მთელი სასამართლო კორპუსის წმენდის იდეად შეაფასა. სინამდვილეში, რეკომენდაცია მოსამართლეთა კონკრეტული ჯგუფის, საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და სასამართლოს თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების გადამოწმებას გულისხმობს და მისი მიზანი დამოუკიდებელი სასამართლოს ფორმირებაა.

გავლენიანმა ჯგუფმა შეკრებილ მოსამართლეებს ასევე მოუწოდა, მხარი დაეჭირათ უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ 2024 წლის 11 მარტს გამოქვეყნებული მიმართვისთვის, რომელიც, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნის იდეას უპირისპირდებოდა.[2] გამოსვლები იმ მოსამართლეებზე თავდასხმასაც ისახავდა მიზნად, რომლებმაც კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმზე წინა დღეებში კლანის საპირისპირო მოსაზრებები გამოთქვეს. კონფერენციაზე განსხვავებული აზრი კვლავ არ დაფიქსირებულა და დამსწრე მოსამართლეების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამ მოწოდებას.

დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე მნიშვნელოვანი საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მდივნის არჩევა იყო. საბჭოს მდივანს - ნიკოლოზ მარსაგიშვილს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა გასდიოდა, ხოლო დანარჩენი წევრების ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ორმა მოსამართლე წევრმა, პაატა სილაგაძემ და ბადრი შონიამ, უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის გამო უარი თქვეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობაზე. ამით გაგრძელდა საბჭოს წევრების მიერ უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის ბუნდოვანი პრაქტიკა.[3]

სამწუხაროა, რომ საბჭოს წევრების არჩევამ კვლავ არაკონკურენტულ გარემოში ჩაიარა და მოსამართლეთა კონფერენცია მართლმსაჯულების გაუმჯობესების და ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული. ამასთანავე, კანდიდატებს არ წარმოუდგენიათ თავიანთი ხედვები მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან და გამოწვევებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გაგრძელდა მენეჯერულ თანამდებობებზე მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წევრების დანიშვნა. კენჭისყრაში მონაწილე 292 მოსამართლიდან ლევან თევზაძეს[4] ხმა მისცა - 279-მა, ვასილ მშვენიერაძეს[5] - 281-მა, ხოლო ნიკოლოზ მარსაგიშვილს[6] - 284-მა. ეს უკანასკნელი კონფერენციამ განმეორებით აირჩია საბჭოს მდივნად, მიუხედავად იმისა, რომ მისი მდივნობის პერიოდში საბჭოში გამჭვირვალობის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. საყურადღებოა, რომ სამივე მათგანი სხვადასხვა დროს იყო საბჭოს წევრი და ამასთანავე, წლებია მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვან მენეჯერულ პოზიციებს იკავებენ.

საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევის პროცესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ამ უწყებაში მოხვედრის შესაძლებლობა, როგორც წესი, მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს აქვთ. ხოლო კლანი, მათ შორის, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, ცდილობს მთელი სასამართლო სისტემის მხარდაჭერის მოპოვებას, რაც ხელს უწყობს ისედაც ფესვგადგმული არაფორმალური იერარქიის კიდევ უფრო განმტკიცებას.

მოსამართლეთა კონფერენცია სამოსამართლო თვითმმართველობის მნიშვნელოვანი ფორმატია, სადაც სასამართლოს ირგვლივ პროფესიული დისკუსია, აზრთა სხვადასხვაობა და არგუმენტირებული მსჯელობა უნდა წარიმართოს. სამწუხაროდ, უკვე წლებია იგი ემსახურება არა მართლმსაჯულების სისტემაში სიტუაციის გაუმჯობესებას, არამედ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ინტერესების გაძლიერებას. როგორც წესი, კონფერენციაზე დამსწრე მოსამართლეები ავტომატურად აძლევენ ხმას კონკრეტულ პოზიციებზე წარმოდგენილ კანდიდატებს.

სამწუხაროდ, 24 მარტს კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, რომ მოსამართლეთა კონფერენცია არა სასამართლოს ინტერესების დაცვასა და ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერებას, არამედ მოჩვენებითი ერთიანობის დემონსტრირებას ისახავდა მიზნად, რის უკანაც სასამართლო კლანი და ხელისუფლების ინტერესი დგას.


[1] ნინო ქადაგიძემ, ლევან მურუსიძემ, გიორგი მიქაუტაძემ, ლავრენტი მაღლაკელიძემ და დიმიტრი გვრიტიშვილმა.

[2] უზენაესი სასამართლოს პლენუმის განცხადება, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდი, 2024 წლის 11 მარტი, ხელმისაწვდომია: https://www.supremecourt.ge/ka/news/gantskhadeba, განახლებულია: 25.03.24

[3] კანონმდებლობა კანდიდატისთვის, რომელიც ასევე საბჭოს წევრია, მხოლოდ კონკურსში ჩართულობიდან (კანდიდატების შეფასება, ხმის მიცემა, გასაუბრებაში მონაწილეობა) ჩამოშორებას ითვალისწინებს. იხ. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის მე-16 პუნქტი.

[4] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ლევან თევზაძე, ხელმისაწვდომია: http://hcoj.gov.ge/ka/%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%95%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%943.html , განახლებულია 26.03.24.

[5] თბილისის საქალაქო სასამართლო, ვასილ მშვენიერაძე, ხელმისაწვდომია: https://tcc.court.ge/Justice/Details/226, განახლებულია: 26.03.24.

[6] იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ნიკოლოზ მარსაგიშვილი, ხელმისაწვდომია: http://hcoj.gov.ge/ka/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%96-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98.html, განახლებულია: 16.03.24.

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404