ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024

სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების დევნა გრძელდება

კოალიცია ეხმიანება 2023 წლის 1-ლ ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გიორგაძეს უარი ეთქვა უვადო მოსამართლედ გადანიშვნაზე. მიღებული გადაწყვეტილება, ნინო გიორგაძის საჯარო პოზიციონირება და სასამართლო სისტემაში არსებული უმძიმესი პრობლემები აჩენს დასაბუთებულ ეჭვს იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა კანონის საფუძველზე.

მოსამართლე ნინო გიორგაძემ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში 2021 წლის 30 დეკემბერს შეტანილი პრობლემური და გავლენიანი მოსამართლეების ინტერესებს მორგებული ცვლილებები ღიად გააკრიტიკა. იგი, კანონპროექტის გაუმჭვირვალე წესით განხილვას და დაჩქარებული წესით მიღებას აპროტესტებდა. აღსანიშნავია, რომ ე.წ. 2021 წლის დეკემბრის ცვლილებები მწვავედ გააკრიტიკა ვენეციის კომისიამაც.

ნინო გიორგაძეს საქმიანობაში აღსანიშნავია მის მიერ მიღებული პროგრესული გადაწყვეტილებაც, რომელითაც მან მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი მხოლოდ ერთი რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსების დისკრიმინაციული წესი გააუქმა.

უნდა აღინიშნოს, რომ საერთო სასამართლოების სისტემიდან განსხვავებული აზრის გამო მოსამართლეების დევნა მიღებულ პრაქტიკად დამკვიდრდა. 2021 წლის დეკემბრის ცვლილებების კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიც სწორედ საბჭოსთვის მინიჭებული ფუნქცია გახდა, რომელიც ამარტივებდა განსხვავებული აზრის დევნას და ზღუდავდა მოსამართლეების ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას.

მოსამართლე ნინო გიორგაძის მიერ გამოხატული ღია კრიტიკა და მის მიერ მიღებული პროგრესული გადაწყვეტილება ქმნის დასაბუთებულ ეჭვს იმის თაობაზე, რომ ნინო გიორგაძემ საქმიანობის პროცესში დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი გამოავლინა, რაც საბოლოოდ მისი დასჯის და სისტემიდან განდევნის საფუძველი გახდა.

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404