ათი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შეფასება და სისტემური ცვლილების საჭიროება

ათი წლის განმავლობაში განხორციელებული  რეფორმების შეფასება და სისტემური ცვლილების საჭიროება

ათი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შეფასებისა და სისტემური ცვლილების ადვოკატირების მიზნით, კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 2023 წლის 19 მაისს მართლმსაჯულების ფორუმს უმასპინძლა.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ ფორუმს სხვადასხვა სექტორის 60-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ სასამართლოს, საკანონმდებლო ორგანოს, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლიზა კოვაჩმა, მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების მნიშვნელობას ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის.

„აშშ მუდამ უჭერდა მხარს მართლმსაჯულების სექტორის რეფორმას. სამწუხაროა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სასამართლო რეფორმის პროცესი უკიდურესად პოლარიზებული გახდა. ვენეციის კომისიის მიერ მარტში გამოქვეყნებულ მოსაზრებაშიც ხაზგასმულია ის რეკომენდაციები, რომლებიც ჯერ კიდევ შესასრულებელია. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად წარმოდგენილ 12 პრიორიტეტს შორის სასამართლოს დამოუკიდებლობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა დაასახელა. ნათელია, რომ საჭიროა შემდგომი რეფორმები, რათა ინდივიდუალურ მოსამართლეებსა და მოქალაქეებს ჰქონდეთ სასამართლო სისტემა, რომელიც მათ სურთ და იმსახურებენ“- განაცხადა ლიზა კოვაჩმა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის პროგრამის დირექტორმა გურამ იმნაძემ ხაზი გაუსვა არსებულ რთულ პოლიტიკურ გარემოს და აღნიშნა, რომ სასამართლოში მნიშვნელოვანი გარღვევების მიღწევა რთულია. მან ყურადღება გაამახვილა არადემოკრატიული მთავრობების დროს გატარებულ რეფორმებსა და სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობის აუცილებლობაზე. იმნაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენები ცხადყოფს, რომ პრობლემა უფრო მასშტაბურია, სცილდება მხოლოდ სამთავრობო გუნდს და მოიცავს მთელ პოლიტიკურ ლანდშაფტს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ სასამართლოს და მისი გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობის ნაკლებობაზე ისაუბრა. საიას თავმჯდომარემ სისტემაში გავლენიანი ჯგუფების არსებობაზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა, ამავდროულად აღნიშნა დამოუკიდებელი მოსამართლეების მნიშვნელობა, რომლებსაც იშვიათად უსმენენ, თუმცა სისტემის მიმართ იმედს აჩენენ.

ფორუმზე თავისი ხედვები ასევე წარმოადგინეს ნანუკა ყრუაშვილმა (საია), ანა პაპუაშვილმა (სოციალური სამართლიანობის ცენტრი), ეკა გიგაურმა (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო), გიორგი დავითურმა (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) და ედუარდ მარიკაშვილმა (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა).

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404