ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024
მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ ეხმიანება მართლმსაჯულებაში არსებულ რეალურ პრობლემებს
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება პარლამენტში მართლმსაჯულების რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გასული კვირის ბოლოს მომზადებულ სასამართლო რეფორმის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას[1] და აცხადებს, რომ შემოთავაზებული დოკუმენტი არ ასახავს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ რეალურ გამოწვევებს. სამწუხაროდ, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს სასამართლოს რეალური რეფორმის მზაობა და კვლავაც ფასადური ცვლილებების გატარებას ისახავს მიზნად.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი მართლმსაჯულების სისტემურ რეფორმას და მისი ყველა რგოლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას შეეხება.[2] ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უნდა ემუშავა სასამართლოში არსებული გამოწვევების მოგვარებაზე და ამ მიზნით, რეფორმების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.
უპირველეს ყოვლისა, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ სასამართლოს რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა ეხმაურებოდეს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებს და მიზნად ისახავდეს იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში არსებობს. ამ მიზნით, სამოქალაქო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს პარლამენტს, მათ შორის სამუშაო ჯგუფის ფარგლებშიც, რომ საჭიროა სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების სრულყოფილი და სიღრმისეული შეფასება, თუმცა აღნიშნული ინიციატივა არც კი განიხილა სამუშაო ჯგუფმა და საპარლამენტო უმრავლესობამ. სასამართლოში არსებული ვითარების შეფასებაზე ყურადღება გამახვილებულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების 2021-2027 წლების დღის წესრიგში.[3] კერძოდ, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აუცილებელია მართლმსაჯულების რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღების ეფექტიანობის შეფასება.
სამწუხაროდ, სასამართლოს რეფორმის ახალი სტრატეგია ისე იწერება, რომ ამ დრომდე არ არსებობს სასამართლოში არსებული გამოწვევების, კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული პრობლემების ერთიანი სურათი. ამ ფონზე, ჩვენთვის ბუნდოვანია, რა მიზნის მისაღწევად იქმნება რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი შერჩევითად და ფრაგმენტულად გვთავაზობს საკითხებს, რომელსაც უნდა შეეხოს რეფორმა. დოკუმენტში აგრეთვე შერჩევითად არის მოხმობილი ადგილობრივი თუ საერთაშორისო შეფასებები და იგნორირებულია ის მზარდი კრიტიკა, რომელიც ბოლო წლებში სასამართლოს მიმართულებით ჟღერდებოდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.
ჩვენთვის დასანანია, რომ შემოთავაზებული ხედვა მთლიანად უგულებელყოფს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ უმთავრეს პრობლემებს, კერძოდ ძალაუფლების კონცენტრაციას და არაფორმალურ, კლანურ გავლენებს სისტემაში. მეტიც, დოკუმენტში წინასწარ, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშეა არაკონსტიტუციურად მიჩნეული ის მექანიზმები, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა მეტად ინკლუზიური გახდებოდა და მასში თავმოყრილი ძალაუფლება განაწილდებოდა სასამართლო სისტემის სხვა რგოლებზე.
ამ ფონზე, მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უგულებელყოფს სისტემაში არსებულ უმწვავეს პრობლემებს. მორიგი ფასადური რეფორმა საკმარისი ვერ იქნება მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და ამით კიდევ უფრო დიდი საფრთხე შეექმნება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.
[1] ანრი ოხანაშვილმა სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, 03 ოქტომბერი, 2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3SGJR1g .
[2] Opinion on Georgia's application for membership of the European Union, 17.06.2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3ybjLvN.
[3] Proposal for a COUNCIL DECISION on the position to be taken on behalf of the European Union in the Association Council established under the Association Agreement between the European Union and the European Atomic Energy Community and their Member States, of the one part, and Georgia, of the other part, on the adoption of the EU-Georgia Association Agenda, COM/2022/103 final, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3AWr1fs .
განცხადებები:
პუბლიკაციები:
სიახლე:
დაკავშირება:
თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.
+995 (32) 2505404