ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024

კოალიცია სააპელაციო სასამართლოს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წინააღმდეგ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას ეხმაურება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შეშფოთებას გამოვხატავთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წინააღმდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, სადაც სასამართლომ ცილისწამებად მიიჩნია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დარჩენის შემთხვევაში საფრთხე შეექმნება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და უფლებადამცველ ორგანიზაციათა საქმიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს.

კვლევაში, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკების შეფასებას ეხებოდა, სასამართლომ კონკრეტული გადაწყვეტილების ანალიზის საფუძველზე გაკეთებული შეფასება: „[...] ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო 2016 წელს დავის განახლების პროცესი კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე“ ცილისმწამებლურად მიიჩნია. სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც კანონის მოთხოვნებს ასევე, უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უკვე დადგენილ პრაქტიკას. უკვე არსებული, მკაფიო და თანმიმდევრული პრაქტიკით დადგენილი სტანდარტიდან დაუსაბუთებლად გადახვევა და მისი მკვეთრად გაუარესება მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს აღნიშნულ საქმეზე მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დარჩენის შემთხვევაში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტის მკვეთრად გაუარესების გარდა, უფლებადამცველ ორგანიზაციებს შეეზღუდებათ თავიანთი ფუნდამენტური, მაკონტროლებელი ფუნქციის შესრულება. ეს კი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, დამატებითი მნიშვნელოვნად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვიმედოვნებთ, რომ უზენაესი სასამართლო გაიაზრებს საკუთარ როლს და მნიშვნელობას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვის პროცესში, არ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის პოზიციას და გააუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მსგავსი მასალა:

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404