ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად ნინო ქადაგიძის წარდგენას ეხმიანება

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2020 წლის 10 მარტს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად ნინო ქადაგიძის კანდიდატურა წარუდგინა. ის ერთ-ერთია იმ 10 პირიდან, რომელიც 2018 წლის დეკემბრის ბოლოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყოველგვარი საჯარო განხილვისა და დისკუსიის გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა. კოალიციის შეფასებით სიაში მოხვედრილი კანდიდატების სასამართლოში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის ლიდერები, წევრები ან მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები იყვნენ. ნინო ქადაგიძის შემთხვევაში ეს კარგად გამოჩნდა იურიდიულ კომიტეტში მისი მოსმენის დროს, სადაც მას გაუჭირდა სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ შიდა საფრთხეებზე საუბარი და ფაქტობრივად უარყო სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. „კლანის” არსებობა.

ასევე ის ერთ-ერთია იმ 14 პირიდან, რომელიც გასული წლის ბოლოს უზენაეს სასამართლოში მნიშვნელოვანი ხარვეზების ფონზე დაინიშნა. ეს პროცესი დადებითად არ შეუფასებია არცერთ დამოუკიდებელ დამკვირვებელს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.

მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ ნინო ქადაგიძის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დახურულ კარს მიღმა გამართული კონსულტაციების საფუძველზე მიიღო. საკითხის განხილვაში ჩართული არ ყოფილან პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. მართალია, ამის ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე საბჭოს არ გააჩნდა, მაგრამ პროცესისთვის მეტი ლეგიტიმაციის მისანიჭებლად და საკითხის მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იყო შერჩევის პროცესის ღიად და ინკლუზიურად წარმართვა.

პროცესის მიმართ ზემოაღნიშნული კითხვებისა და თავად კანდიდატის უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ განწესების ისტორიის გათვალისწინებით, კოალიცია გაუმართლებლად მიიჩნევს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ნინო ქადაგიძის წარდგენას და მოუწოდებს დეპუტატებს უარი თქვან წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერაზე.

მსგავსი მასალა:

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404