კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მოსაზრება მაია ბაქრაძის სარჩელთან დაკავშირებით

მოგახსენებთ, რომ კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის (შემდგომში - კოალიცია) 2011 წლის 29 აპრილს შეიქმნა და 40 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის მიზანია ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების, პროფესიული და ბიზნეს ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლების ძალისხმევის გაერთიანება დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების სისტემის შესაქმნელად. კოალიციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კვლევა და მონიტორინგი, სასამართლო სისტემის რეფორმებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და ადვოკატირება და საჯარო დისკუსიების წარმართვა მართლმსაჯულების სისტემის მწვავე პრობლემებზე. კოალიცია თავის მოსაზრებებს რეგულარულად აცნობს აღმსრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, თანამშრომლობს ვენეციის კომისიასა და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან.[1] ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გვაქვს რა სიღრმისეული ცოდნა საქართველოში მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ, საჭიროდ მიგვაჩნია, წარმოგიდგინოთ კოალიციის ხედვა მოსარჩელე - მაია ბაქრაძის მიმართ შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტთან კავშირის მქონე საკანონმდებლო ხარვეზებსა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ სხვა სისტემურ პრობლემებზე.

სარჩელთან უშუალო შემხებლობაშია, ის პოლიტიკური გარემო, რომლის დროსაც მოხდა მოსამართლეთა ერთობის ჩამოყალიბება - ასოციაციის, რომლის საქმიანობასთანაც პირდაპირაა დაკავშირებული მოსარჩელის მიმართ განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობა. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა ის პოლიტიკური ძალა, რომლის მიმართაც ერთ-ერთ მთავარ კრიტიკულ მოსაზრებად „რეპრესიული მართლმსაჯულების“ დამკვიდრება სახელდებოდა, რაც სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად ხელისუფლების მხრიდან ინდივიდუალურ მოსამართლეებზე ზეწოლას გულისხმობდა. აქედან გამომდინარე, ახალმა ხელისუფლებამ მისი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზნად სამართლიანობის აღდგენა, სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური გავლენებისგან განთავისუფლება და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა გამოაცხადა და ამ მიზნით, დააანონსა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმების განხორციელება.[2] პირველი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმა მართლმსაჯულების სისტემაში - რეფორმის „პირველი ტალღა” 2013 წლის 1 მაისს განხორციელდა და მისი დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მანამდე გამოთქმულ კრიტიკასა და რეკომენდაციებს ეფუძნებოდა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემაში მრავალი სხვა პრობლემური საკითხი რჩებოდა გადასაწყვეტი, „პირველი ტალღა“ სასამართლო სისტემის დეპოლიტიზირების მიმართულებით გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯად შეფასდა, თუმცა იმავდროულად, კოალიცია ყურადღებას ამახვილებდა სხვა მიმართულებებით რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე.[3]

სწორედ, რეფორმის „პირველი ტალღის“ მხარდასაჭერად და ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერების მიზნით შეიქმნა ასოციაცია - მოსამართლეთა ერთობა[4]. თუმცაღა „პირველი ტალღის“ მიღების შემდგომი პერიოდიდანვე გაჩნდა ნიშნები იმისა, რომ ახალმა ხელისუფლებამაც ვერ გამოავლინა მტკიცე პოლიტიკური ნება სასამართლო სისტემაში რეალური და თანმიმდევრული ცვლილებების გასატარებლად. შესაბამისად, ხელისუფლება თანდათანობით მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდა მოსამართლეთა კორპუსში არსებულ დომინანტურ და გავლენიან ჯგუფთან, რამაც სასამართლო სისტემა შიდა დამოუკიდებლობის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. შესაბამისად, ასოციაციის მიერ გაკეთებულმა შეფასებებმა თუ წინადადებებმა, რომლებიც სისტემის გაჯანსაღებისკენ იყო მიმართული, ერთობის წევრთა სხვა მოსამართლეთაგან გამოყოფა და მათი როგორც სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფისადმი კრიტიკულად განწყობილ მოსამართლეთა გაერთიანებად ჩამოყალიბება გამოიწვია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 9 ივნისის არჩევნები გარდამტეხი აღმოჩნდა სასამართლო სისტემაში აზრთა პლურალიზმის შემცირების კუთხით, რადგან სწორედ ამ არჩევნების შედეგად, მოსამართლეთა ერთი - გავლენიანი ჯგუფის ხელში მოექცა სასამართლოს ადმინისტრირების, ფაქტობრივად, უკონტროლო ძალაუფლება, რომელსაც ისინი, ხშირ შემთხვევებში, არაჯანსაღი მიზნებისათვის იყენებენ. ამ პერიოდიდან მოყოლებული სისტემიდან თანდათანობით განიდევნენ ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობის” ის წევრები, რომლებიც სასამართლოში არსებული ვითარების მიმართ კრიტიკულ პოზიციებს აფიქსირებდნენ.[5] „ერთობის” წევრ მოსამართლეებს თანამდებობებზე გადანიშვნაზე რამდენჯერმე უთხრეს უარი,[6] ზოგიერთი მათგანის მიმართ კი დისციპლინური დევნაც დაიწყო,[7] მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოსამართლეთა კორპუსში კრიტიკული აზრის თანდათანობით გაქრობაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები როგორც სხდომებზე, ისე საჯარო გამოსვლებისას[8] ასოციაციას, „მოსამართლეთა ერთობა”, ხშირად მოიხსენიებდნენ ნეგატიურ კონტექსტში.

დღეის მდგომარეობით, ასოციაციაში, „მოსამართლეთა ერთობა”, არცერთი მოქმედი მოსამართლე წევრი არ ირიცხება (მოსამართლეების ნაწილი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ თანამდებობაზე აღარ გადაინიშნენ, ხოლო ნაწილმა საკუთარი ინიციატივით დატოვა ასოციაცია).[9] 2017 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც ასოციაციამ თავისი განცხადებით საბჭოს მიერ მოსამართლეთა და სასამართლოს თავმჯდომარეთა დანიშვნის პროცესი გააკრიტიკა, „მოსამართლეთა ერთობა” 20-მდე მოსამართლემ დატოვა,[10] რამაც კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი იმის შესახებ, რომ სისტემა კრიტიკული აზრის მიმართ შემწყნარებელი არ არის. არსებული მდგომარეობით, მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობა გაერთიანებულია „მოსამართლეთა ასოციაციაში”, რომლის თავმჯდომარეც საბჭოს ყოფილი მდივანი - ლევან მურუსიძეა და რომლის გამგეობა საბჭოს წევრებითა და სხვა გავლენიანი მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული.[11] 2013 წლის შემდეგ ჩატარებული მოსამართლეთა ყველა კონფერენცია, რომლებზედაც გადაწყვეტილებები ყოველგვარი დისკუსიის გარეშე, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღება, იმის ნათელი დასტურია, რომ არაჯანსაღი გავლენების შედეგად მოსამართლეთა კორპუსი თანდათანობით ჩაკეტილი და მონოლითური გახდა.

მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში კანდიდატების მიმართ შერჩევითი მიდგომის გამოვლენა მკაფიო გზავნილი იყო იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რიგითი მოსამართლისათვის გავლენიანი ჯგუფისადმი ლოიალობის გამოჩენა. მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენა ისეთი ბერკეტების გამოყენებით, როგორიცაა მოსამართლეების თანამდებობაზე გადანიშვნა ან დისციპლინური მექანიზმები, ისეთივე საფრთხის შემცველია მოსამართლეთა შიდა დამოუკიდებლობისათვის, როგორ სისტემის გარედან მომავალი საფრთხეები.[12]

მოსამართლეთა დანიშვნის ხარვეზიანი კანონმდებლობის არსებობაზე კოალიცია წლების განმავლობაში მიუთითებდა და აღნიშნული საკითხი დღემდეც აქტუალურ პრობლემად რჩება, რასაც წლების განმავლობაში ადასტურებდა კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგის ანგარიშებიც.[13] აღსანიშნავია, რომ საჯაროობის კიდევ უფრო დაბალი სტანდარტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებამ შექმნა, რომლითაც მოსამართლეებთან გასაუბრება დახურულ ფორმატში განისაზღვრა. ამან პრაქტიკულად წაართვა შესაძლებლობა დაინტერესებულ პირებს და ზოგადად სამოქალაქო სექტორს დასწრებოდნენ და შეეფასებინათ მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის უმნიშვნელოვანესი პროცესი. საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც საბჭოს მოსამართლეთა დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ ჰქონდა.[14] გამჭვირვალობისა და ღიაობის განსაკუთრებით დაბალი ხარისხით ხასიათდებოდა 2015-2016 წლებში მიმდინარე მოსამართლეთა დანიშვნის პროცესები, რასაც მოწმობს კოალიციის მიერ იმ პერიოდისათვის გაკეთებული განცხადებები.[15] თითოეული კონკურსის ინდივიდუალური განხილვის გარეშე, შეგვიძლია გამოვკვეთოთ ამ პროცესების მთავარი პრობლემური ასპექტები, კერძოდ:

  • კანდიდატების კენჭისყრის შესახებ ინფორმაციის უკიდურესი დაგვიანებით განთავსება საბჭოს ვებგვერდზე;
  • საბჭოს იმ წევრების მონაწილეობა საბოლოო კენჭისყრაში, რომლებიც უშუალოდ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს არ ესწრებოდნენ;
  • საბჭოს წევრთა მხრიდან მიმანიშნებელი კითხვების დასმა კონკრეტული კანდიდატებისათვის;
  • გასაუბრებისას განსხვავებული სირთულის კითხვების დასმა სხვადასხვა კანდიდატის მიმართ;
  • კანდიდატებისადმი განწყობების წინასწარ დაფიქსირება;
  • ზოგიერთი კანდიდატის მიმართ მკვეთრად გამოხატული ფავორიტიზმი;
  • ისეთი კითხვების არარსებობა, რომლებიც გამოავლენდა კანდიდატების დამოკიდებულებას ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, ასევე დამოკიდებულებას დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებისადმი;
  • ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები და ხარვეზიანი აცილების პროცედურები;
  • მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გასაუბრების პროცესი, რა შემთხვევაშიც ფაქტობრივად საბჭოს გასაუბრება არ ჩაუტარებია და არ შემოწმებულა მისი პროფესიონალიზმის და კომპეტენტურობის, და არც კეთილსინდისიერების შესაბამისობის საკითხი;[16]
  • საქალაქო სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში კონკურსის გარეშე გადანიშვნის შემთხვევები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად.[17]

ამ პერიოდში მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის ხარვეზიანი კანონმდებლობის ფონზე, მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის მყიფე საფუძვლის შექმნას ხელი შეუწყო მოსამართლეთა იმჟამინდელ კორპუსში სამოსამართლო ვადის მასობრივად ამოწურვამაც. უფლებამოსილების ამოწურვის წინაშე მდგარ მოსამართლეთა დიდი ნაწილი დადგა არჩევანის წინაშე - ან გაერთიანებულიყო იმ გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფის გარშემო, რომლებიც მათი სამოსამართლო ვადის გასვლის შემდგომ უვადოდ დანიშვნას უზრუნველყოფდა, ან დამოუკიდებლად წარმსდგარიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებდა გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი პროცედურებით.[18]

არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ მოსამართლეთა ამგვარი წესით დანიშვნების ფონზე საქართველოს პარლამენტმა ყოველგვარი მიზეზის გარეშე გააჭიანურა სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის” ცვლილებები, რომლის პირველადი რედაქცია მიზნად ისახავდა მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურის გაუმჯობესებას. შესაბამისად, სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. გავლენიანი ჯგუფის წარმატებული მცდელობის შესაბამისად კიდევ ერთხელ გადაიწია დროში მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის წესის დახვეწის პერსპექტივა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის წესი რამდენიმე საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენის საფუძველიც გახდა. სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელი მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის შესახებ არსებული კანონმდებლობის არაკონსტიტუციურობას მიემართებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისს წარედგინა და სასამართლომ მასზე 2017 წლის 15 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის სისტემის ის ნაწილი იქნა არაკონსტიტუციურად ცნობილი, რომელიც ითვალისწინებდა მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირის გამწესებას 3 წლის გამოსაცდელი ვადით, რომელიც იმ მომენტისათვის იყო მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე და ჰქონდა სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.[19] აღსანიშნავია, რომ საბჭო არ დაელოდა ორი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანოს - საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესთან დაკავშირებით და შემჭიდროებულ ვადებში ატარებდა კონკურსებს, როგორც სარჩელის განხილვის პერიოდში, ასევე მას შემდგომაც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მართალია სასამართლომ სადაო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობაზე გადაწყვეტილება გამოიტანა, თუმცა კანონმდებელს 2017 წლის 1 ივლისამდე მისცა ვადა, საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად. შესაბამისად, 2017 წლის 1 ივლისამდე, საბჭომ სასამართლო სისტემაში არსებული ვაკანსიების უმეტესობა შეავსო ხარვეზიანი წესით, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო.[20]

ის ფაქტი, რომ მოსამართლეთა დანიშვნის წესი დღესაც პრობლემურია, კარგად გამოჩნდა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესშიც, რომელიც 1 წელი გრძელდებოდა და 2019 წლის დეკემბერში საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე იმ 14 მოსამართლის დანიშვნით დასრულდა, რომელთა მიმართაც საზოგადოებას ჰქონდა კითხვები, როგორც მინიმალური პროფესიული კომპეტენციის, ასევე კეთილსინდისიერების კრიტერიუმის დაკმაყოფილების კუთხითაც. აღნიშნული პროცესი, ისევე როგორც საბოლოო შედეგი, მრავალჯერ გახდა სამოქალაქო სექტორის, სახალხო დამცველისა და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკის საგანი.[21]

იმის საილუსტრაციოდ თუ რამდენად დახურული იყო სასამართლო სისტემა კრიტიკისა თუ განსხვავებული აზრის გამოთქმის მიმართ, ასევე, კარგი მაგალითია მოსამართლეთა კონფერენციების მიმდინარეობა, რომელთა უდიდესი ნაწილი ეთმობოდა მოსამართლეთა ნაწილის მიერ საბჭოსადმი ერთგულების დემონსტრირებას.[22] არასამთავრობო სექტორის, ის ნაწილი, რომელიც აქტიურად აკვირდებოდა საბჭოს საქმიანობას, მკაფიოდ აფიქსირებდა მოსაზრებას, რომ როგორც სასამართლოს ასევე საბჭოს ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას ალტერნატიული მოსაზრებების, რეალური დისკუსიისა და მსჯელობის ნაკლებობა წარმოადგენდა. საბჭოს მოტივაცია მეტად შეეზღუდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლები, დაადასტურა 2017 წელს საბჭოს წევრების მხრიდან მედიაში გაკეთებულმა განცხადებებმაც, რომლებშიც საუბარი გახლდათ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ახალი რეგულირებების საჭიროებაზე, რათა სათანადოდ დაცული ყოფილიყო სასამართლოს ავტორიტეტი და მოსამართლეთა რეპუტაცია. აღნიშნული ინიციატივა ასევე განიხილებოდა მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფებში, რამაც პროექტში ჩართული საერთაშორისო ექსპერტების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია.[23]

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზებისა თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სისტემური მცდელობების ფონზე მაღალია მაია ბაქრაძის, როგორც ერთობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდი. მოსარჩელის სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე მიუთითებს, ასევე, 2013 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით ჩატარებული კონკურსების მიმდინარეობისას ასოციაციის წევრთა მოსამართლეებად დანიშვნის პრაქტიკები. საგულისხმოა, რომ ასოციაციის წევრებს კონკურსში მონაწილეობა 2-ჯერ ან 3-ჯერ აქვთ მიღებული. ეს ფაქტი წარმოშობს ლეგიტიმურ კითხვებს - თუ კონკრეტული პირი აკმაყოფილებდა მოსამართლეობის კრიტერიუმებს, რატომ ანდომებდა საბჭო მის დანიშვნას ორ ან სამ კონკურსს? ამ კითხვაზე პასუხი უნდა ვეძებოთ შემდგომ განვითარებულ მოვლენებში. თითქმის ყველა წევრი ასოციაციისა, რომელიც გამწესდა თანამდებობაზე ეტაპობრივად წყვეტდა ასოციაციის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას, ხოლო მოგვიანებით საბოლოოდ ტოვებდა ერთობას.[24] ეს კი აჩენს ეჭვებს იმის შესახებ, რომ საბჭოს მოსამართლე წევრებმა (ე.წ. სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის ნაწილი) საბჭოს წევრის უფლებამოსილება, რომელიც გულისხმობს მოსამართლის დანიშვნისათვის ხმის მიცემას, გამოიყენა ერთობის დასაშლელად და აჩვენა მაგალითი თუ როგორ დამარცხდა ე.წ. გავლენიან ჯგუფთან ბრძოლაში დამოუკიდებელ მოსამართლეთა გაერთიანება. მოსარჩელე მაია ბაქრაძემ - „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო მოსამართლეთა შესარჩევ ორ კონკურსში, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ის აკმაყოფილებდა კანონმდებლობით მოსამართლეობისათვის დადგენილ ყველა კრიტერიუმს, საბჭოს გადაწყვეტილებით თანამდებობაზე ვერ დაინიშნა. გასაუბრებების პროცესზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მასთან, როგორც მოსამართლეობის კანდიდატთან, ჩატარებული გასაუბრებები ემსახურებოდა არა განსაზღვრული კრიტერიუმებით მის შეფასებას, არამედ მის, როგორც ერთობის ხელმძღვანელისა და აქტიური წევრის, საბჭოს მიმართ გაცხადებული კრიტიკული შეფასებების გამო პასუხისგებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კოალიცია მიიჩნევს, რომ მაია ბაქრაძის მიმართ განსხვავებული მოპყრობა ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობის“ თავმჯდომარეობითა და სასამართლო სისტემისადმი კრიტიკული შეხედულებებით არის განპირობებული.[25]


[5]„სასამართლო სისტემა: რეფორმები და პერსპექტივები”, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”, 2017; ხელმისაწვდომია: https://goo.gl/GaUd6C

[6] სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება მოსარჩელის, მ. ბ.-ს სარჩელთან დაკავშირებით, საქმე No3/4971-17, საქართველოს სახალხო დამცველი;ხელმისაწვდომია: https://goo.gl/A2vZc3;

[7] „სადისციპლინო კოლეგიისა და პალატის ბოლო გადაწყვეტილებით დადგენილი პრაქტიკა საფრთხის შემცველია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის”, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”, ოქტომბერი, 2016; ხელმისაწვდომია: https://goo.gl/hzuKo6;

[8]„ამ ასოციაციის მიზნები იყო საკმაოდ შორს მიმავალი და არაჯანსაღი [...] ე. წ. არაკეთილსინდისიერი მოსამართლეებისგან სისტემის გაწმენდას ისახავდა ეს ასოციაცია მიზნად [...] მოსამართლეები რომლებიც თავის დროზე ამ ასოციაციაში გაწევრიანდნენ, ბევრი მათგანი იყო შეცდომაში შეყვანილი.” - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვირტიშვილის, განცხადებები ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ქრონიკა,, 2017; ხელმისაწვდომია: https://goo.gl/x5xBrG;

[9]„მოსამართლეთა ერთობა 20-მა მოქმედმა მოსამართლემ დატოვა”; რუსთავი 2, 2017; ხელმისაწვდომია: https://goo.gl/f7KCaG

[10]„მოსამართლეთა ერთობა 20-მა მოქმედმა მოსამართლემ დატოვა”; ხელმისაწვდომია: http://rustavi2.ge/ka/news/77081

[11]„საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის” (ს/ნ 202953321) გამგეობის წევრები არიან: ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე), ლევან თევზაძე, დავით მამისეიშვილი, ირაკლი შენგელია, დიმიტრი გვრიტიშვილი, თემურ გოგოხია, ვასილ როინიშვილი, მირანდა ერემაძე და გიორგი მიროტაძე - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, 01.08.2016;

[12] კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, გვ.40, 2018; ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2THTiSH

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404