ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და არჩევის ახალ წესს აფასებს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმიანება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას და წარმოადგენს საკუთარ შემაჯამებელ მოსაზრებებს ცვლილებების შინაარსსა და მათი განხილვის პროცესთან დაკავშირებით.

იმ პირობებში, როდესაც სასამართლოში მოსამართლეთა რიცხვი არსებითად უნდა გაიზარდოს, კოალიცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების მიმდინარე პროცესის მნიშვნელობას. საზოგადოების ნდობის ნაკლებობის, სისტემაში არსებული კრიზისა და არაჯანსაღი გავლენების მქონე მოსამართლეთა ჯგუფის არსებობის პირობებში, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის განსაზღვრამ გადამწყვეტი გავლენა შეიძლება იქონიოს მომავალი ათწლეულების განმავლობაში მართლმსაჯულების ბედზე საქართველოში. კოალიცია საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში ხელისუფლებას მუდმივად შეახსენებდა ამას.

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ მთელი ამ პროცესის განმავლობაში ვერ აჩვენა ურყევი და მტკიცე პოლიტიკური ნება, შეექმნა საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს პროცესში პრაქტიკულ და რეალურ ბარიერებს დაუდგენდა. ცვლილებების შემუშავების პრაქტიკულად არცერთ ეტაპზე, პარლამენტმა არ გამოხატა მიმღებლობა ქვეყნის შიგნით გამოთქმული არაერთი სამართლიანი, რაციონალური და დასაბუთებული კრიტიკის თუ შეთავაზების მიმართ. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის ცვლილების შესაძლებლობა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მძიმე და კრიტიკული დასკვნების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

მიუხედავად კანონპროექტის თავდაპირველ რედაქციაში შეტანილი გარკვეული ცვლილებებისა, კოალიცია არასაკმარისად მიიჩნევს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენა და არჩევა უნდა მოხდეს. მიგვაჩნია, რომ მიღებული კანონი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ გავლენიან ჯგუფს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს მათთვის სასურველი გადაწყვეტილება კანდიდატებთან დაკავშირებით. საბჭოს დისკრედიტაციის და დეკემბერში წარმართული პროცესის მიმართ არსებული უნდობლობის ხარისხის გათვალისწინებით, მიღებული ცვლილებები ასევე ვერ ქმნის დამაჯერებლობას სასამართლო სისტემის გარეთ მყოფი ღირსეული კადრებისთვის, რომ კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში ისინი სამართლიან და ობიექტურ პროცესს იხილავენ.

აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა (ვენეციის კომისია და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი), წარმოადგინეს კრიტიკული მოსაზრებები, რომლებიც არსებითად შეესაბამება კოალიციის ხედვას. საკუთარი ერთობლივი წინადადებები წარმოადგინა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ევროსაბჭოს ოფისმა საქართველოში. კანონპროექტის ავტორებმა წარმოდგენილი რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინეს. თუმცა, კვლავ აქტუალურია ისეთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, როგორებიცაა:

  • კანდიდატის ნომინირება ღია კენჭისყრითა და დასაბუთებული გადაწყვეტილებით. კანდიდატთა წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღება გამორიცხავს გადაწყვეტილებების დასაბუთებასა და საბჭოს წევრთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საფრთხეს შეიცავს. განსაკუთრებით საყურადღებოა პირველი ფარული კენჭისყრა, როდესაც ე.წ. „გრძელი სიიდან“ ხდება კანდიდატთა პირველი გადარჩევა მხოლოდ წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების საფუძველზე.
  • ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა. საბჭოს თავმჯდომარეს ან თავმჯდომარის უფლებამოსილების შემსრულებელს, იმ შემთხევაში, როცა თავად არის კანდიდატი, კვლავ რჩება:
    • აღნიშნულ პროცესში საბჭოს სხდომების თავმჯდომარეობისა და პროცესის ხელმძღვანელობის უფლებამოსილება;
    • კონკურენტის შესახებ მონაცემებზე, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, წვდომის შესაძლებლობა.
  • არამოსამართლე წევრთა ადექვატური ჩართულობის უზრუნველყოფა კანდიდატთა ნომინირების შესახებ გადაწვეტილების მიღებისას. საბჭოს მიერ კანდიდატის ნომინირებისათვის საჭიროა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობის თანხმობა, რაც მოსამართლე წევრთა რაოდენობიდან გამომდინარე დამატებით, მხოლოდ 2 არამოსამართლე წევრის თანხმობას საჭიროებს, რაც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს მათ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  • იურიდიულ საქმეთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ქმნის სამუშაო ჯგუფს. თუმცა, საკანონმდებლო დონეზე არ არის დაკონკრეტებული ამ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა. კოალიციას მიაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფში აუცილებლად უნდა შედიოდნენ.

იმისათვის, რათა თანამდებობა უზენაესი სასამართლოს მაღალი სტატუსის შესაბამისი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და პიროვნული თვისებების მქონე კანდიდატებმა დაიკავონ, მნიშნელოვანია:

  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესარჩევი კონკურსი წარმართოს ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპების სრული დაცვით;
  • პარლამენტის ყველა წევრმა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, გაიაზროს ის პასუხისმგებლობა, რაც მათ დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებაში აკისრიათ და მხარი დაუჭირონ მხოლოდ ღირსეულ კანდიდატებს;
  • საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პროცესის დასაწყისშივე გაკეთდეს განაცხადი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა მოხდება მხოლოდ პოლიტიკური კონსენსუსის გზით;
  • IX მოწვევის პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ვაკანტური თანამდებობების 50%-ზე მეტი არ შეავსოს.

მსგავსი მასალა:

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404