ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2019

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის შესარჩევი პროცესის კანონმდებლობით დარეგულირებას აუცილებლად მიიჩნევს

ახლად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შევიდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს და მათ თანამდებობაზე უვადოდ აირჩევს საქართველოს პარლამენტი. იმავე წესით მოხდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა 10 წლის ვადით.

საყურადღებოა, რომ ამ დრომდე კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატთა შერჩევისა და ნომინირების გამჭვირვალე პროცედურა. არც ის კრიტერიუმებია მკაფიოდ გაწერილი, რომელთა მიხედვითაც უნდა შეფასდნენ კანდიდატები.

უზენაესი სასამართლო მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი ინსტანციის სასამართლოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მისი გადაწყვეტილებები საბოლოოა და მხარეთა მიერ გასაჩივრებას არ ექვემდებარება. უზენაეს სასამართლოს უდიდესი წვლილი შეაქვს სასამართლო პრაქტიკის დანერგვასა და განვითარებაში, სამართლებრივ ნორმათა სწორად ინტერპრეტაციაში. უზენაესი სასამართლოს მნიშვნელობისა და მართლმსაჯულების სისტემაში მისი როლის გათვალისწინებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მიმართ უნდა არსებობდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა – ის უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და ღირსეული პროფესიონალი, რომელსაც სათანადო რეპუტაცია აქვს საზოგადოებასა თუ პროფესიულ წრეებში.

ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ ადგენს, რომ საერთო სასამართლოს მოსამართლის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება ორგანული კანონით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დაწყებამდე, აუცილებელია სათანადო ცვლილებები განხორციელდეს საქართველოს ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“, რომლითაც საკანონმდებლო დონეზე დადგინდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა და თავმჯდომარეობის კანდიდატთა შეფასების დამატებითი კრიტერიუმები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატთა ნომინირების პროცედურა.

გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი როლიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატის ნომინირებისთვის ორგანულ კანონში უნდა გაიწეროს იგივე ხმათა რაოდენობა, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა დასანიშნად არის დადგენილი – კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერა.

იმისათვის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან და შერჩეული კანდიდატი სარგებლობდეს საზოგადოების ნდობით, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი იყოს ღია, ხოლო ინფორმაცია კანდიდატისა და მისი ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ – საჯარო.

კოალიცია დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის 205-ე მუხლის ფორმულირებას, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის შექმნის ვალდებულებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისა და თავმჯდომარეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციის ან/და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტდეს პროფესიული წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების იმ წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში აღიარებენ დემოკრატიულ პრინციპებსა და ადამიანის უფლებათა ღირებულებებს. ასევე დადგინდეს სამუშაო ჯგუფის მიერ პროცესის წარმართვისთვის გონივრული ვადები. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატების საკომიტეტო მოსმენა განხორციელდეს საჯაროდ და დაინტერესებულ პირებს მიეცეს შესაძლებლობა, დასვას სასურველი შეკითხვები. მსგავსი პროცესი უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას, რაც საზოგადოების ნდობას პროცესისადმი მნიშვნელოვნად გაზრდის.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ორგანული კანონით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატის შერჩევისა და ნომინირების საკითხის დეტალურ მოწესრიგებამდე, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ არ განხორციელდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა.

  • მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე.
  • მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თავი შეიკავოს კანდიდატთა ნომინირებისაგან შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე.

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404