კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას ხელოვნურად არ შეაფერხონ უზენაესი სასამართლო თავმჯდომარის არჩევის პროცესი

კოალიცია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ამ დრომდე შეჩერებულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი. კიდევ ერთხელ შევახსენებთ უფლებამოსილ პირებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, რომელიც ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე შევა ძალაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგინების უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია გახდება. ამასთანავე, ახალი წესით წარდგენილი და არჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმავდროულად აღარ იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების ხელში ძალთა კონცენტრაციას და შეამცირებს სასამართლოში არსებული კრიზისული მდგომარეობის მოგვარების პერსპექტივას.

კოალიციას მიაჩნია, რომ ერთი მხრივ, პრეზიდენტი, რომლის გადაწყვეტილებითაც შეწყდა კონსულტაციების პროცესი, ხოლო მეორე მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობა, რომელმაც წინასწარ განაცხადა უარი პრეზიდენტთან კონსულტაციებში ჩართვაზე, შექმნილ სიტუაციას არასათანადო პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ამ დრომდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი იმაზე მიუთითებს, რომ არც პრეზიდენტს და არც მმართველ ძალას ან სათანადოდ გააზრებული არ აქვთ სასამართლო სისტემაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე ან არ აქვთ განზრახვა ამ ვითარების შესაცვლელად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

კოალიცია მოუწოდებს პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას კონსტრუქციულ რეჟიმში დაიწყონ კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად. ამასთან, კოალიცია კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას აქტიურად ჩაერთოს კონსულტაციებსა და კანდიდატების შერჩევის პროცესში.

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404