ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024

კოალიციამ პარლამენტს მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებით მიმართა

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პარლამენტს მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესის სათანადოდ დარეგულირებისათვის საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს. ცვლილებების მიზანია, მოსამართლეთა დანიშვნის ყველა წესი, მიუხედავად იმისა, გამოსაცდელი ვადით ინიშნება თანამდებობაზე თუ უვადოდ, იყოს დასაბუთებული, აკმაყოფილებდეს ობიექტურობისა და გამჭვირვალობის მოთხოვნებს, ეფუძნებოდეს დამსახურების პრინციპს.

არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, კოალიცია კამპანია „მინდა ვენდო სასამართლოს“ ფარგლებში, ცვლილებებს შემდეგი მიმართულებებით ითხოვს:

  • მოსამართლეობის კანდიდატების ქულებით შეფასება უნდა გახდეს დასაბუთებული, დადგინდეს კანდიდატების შეფასების დეტალური წესი. დეტალურად უნდა განისაზღვროს თუ რა ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება საბჭოს წევრმა გადაწყვიტოს, კონკრეტული კანდიდატი აკმაყოფილებს კანონით დადგენილი კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს თუ ვერა. ქულათა სისტემის შემოღების მიუხედავად, კვლავ არ არსებობს კანდიდატის შეფასების დასაბუთების ვალდებულება, რაც უნდა შეიცვალოს.
  • კანონით უნდა დადგინდეს კანდიდატებთან გასაუბრება საბჭოს ღია სხდომაზე და გასაუბრების ხვედრითი წილი კანდიდატის შეფასებაში. მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დახურულ სხდომაზე ჩატარების შესაძლებლობა დადგენილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სერიოზულ ზიანს აყენებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალობას, შესაბამისად გასაუბრების ღიაობა უნდა დადგინდეს ორგანული კანონით. გარდა ამისა, კანდიდატთან გასაუბრების პროცესი არ არის საკმარისად ფორმალიზებული, რაც იძლევა გასაუბრების ეტაპზე თვითნებობის ფართო შესაძლებლობას.
  • კენჭისყრის პროცედურა უნდა გაუქმდეს და მოსამართლის თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს საუკეთესო შეფასების მქონე კანდიდატი. კანონი ითვალისწინებს მოსამართლის თანამდებობაზე პირის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას კენჭისყრით, რაც საშუალებას აძლევს საბჭოს წევრებს, ხმის მიცემისას არ გაითვალისწინონ ობიექტური შეფასების შედეგები, კანდიდატის მიერ მიღებული ქულები და დაუსაბუთებლად, სუბიექტური გადაწყვეტილებით დანიშნონ მოსამართლეები. მიზანშეწონილია, მოსამართლის დანიშვნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღებოდეს კანდიდატის მიერ მიღებული ქულების შესაბამისად.
  • როგორც გამოსაცდელი ვადით დანიშვნის, ისე უვადოდ დანიშვნისას, კანონით უნდა დადგინდეს მოსამართლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ეფექტური მექანიზმი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კანონით დადგინდეს, რომ მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებულ დავას საკვალიფიკაციო პალატა განიხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონით დადგენილი წესით, ხოლო თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ვრცელდება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნომინირება

საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ ირჩევს პარლამენტი. კოალიციას მიაჩნია, რომ იქამდე, ვიდრე უსტიციის უმაღლეს საბჭოს მიენიჭება უფლებამოსილება ნომინირება მოახდინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, მნიშვნელოვანია, რეფორმას დაექვემდებაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის და გადაწყვეტილებების მიღების წესი. კანონმდებლობით ასევე გათვალისწინებულ იქნას საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის, ობიექტური და დამსახურების პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საკანონმდებლო გარანტიები.

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, დამატებით მოწესრიგებას საჭიროებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საბჭოს მიერ ნომინირების საკითხი:

  • საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით დადგენილი მოსამართლის შერჩევის კრიტერიუმები უნდა გავრცელდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დანიშვნაზეც. ამასთან, უნდა დადგინდეს დამატებით მოთხოვნები, რაც მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წაეყენება.
  • კანდიდატების შერჩევა უნდა მოხდეს ღია კონკურსის საფუძველზე. საბჭოს მიერ დამუშავებული და მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია კანდიდატების შესახებ უნდა იყოს ღია. კონკურსის გაგრძელება კანდიდატების რეგისტრაციიდან მხოლოდ 2 თვის შემდეგ უნდა იყო შესაძლებელი, რათა კანდიდატების შესახებ საზოგადოებაში გაიხსნას დისკუსია და შესაძლებელი იყოს მათ შესახებ გარკვეული ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, მოპოვებული ინფორმაციის საბჭოსთვის მიწოდება. გარდა ამისა,დაინტერესებულ პირებს, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, გასაუბრების დროს კითხვები დაუსვან კანდიდატებს.
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა მოხდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეთა შერჩევისათვის დადგენილი პროცედურების მიხედვით, რომელიც თავის მხრივ დასახვეწია. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე გავრცელდეს კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასების ქულათა სისტემა, დადგინდეს შეფასების წყაროები და მტკიცებულებები, კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდეს საბჭოს ღია სხდომაზე.
  • ორგანული კანონით დადგინდეს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანდიდატებიდან საუკეთესო შეფასების მქონე 3 კანდიდატს. საუკეთესო კანდიდატების შერჩევის წესი უნდა იყოს ქვემდგომი სასამართლოების მოსამართლეების შერჩევის წესის ანალოგიური. ამასთან, პარლამენტის მიერ კანდიდატის არარჩევის შემთხვევაში, საბჭოს ერთი და იგივე კანდიდატის მხოლოდ ორჯერ წარდგენა უნდა შეეძლოს.
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე არ უნდა გავრცელდეს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის მოთხოვნა, რაც გაზრდის კონკურენციას და უფრო მეტ პროფესიონალს მისცემს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში.
  • საბჭოს მიერ კანდიდატის შეფასების პროცესი უნდა დაექვემდებაროს გასაჩივრებას უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. თუმცა გასაჩივრებას ვერ დაექვემდებარება საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი პირის აურჩევლობა.
  • კანონით უნდა განისაზღვროს დეტალური პროცედურა, რომლის დაცვითაც უნდა მოხდეს პარლამენტის მიერ კანდიდატების არჩევა. კერძოდ, უნდა დადგინდეს პარლამენტის მიერ კანდიდატურების განხილვის მაქსიმალური ვადა, დაინტერესებული პირების დასწრების და კითხვების დასმის შესაძლებლობა, დაინტერესებული პირების მიერ პარლამენტისთვის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვადა და წესი.

პრეს რელიზის შინაარსზე პასუხისმგებელია კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის. ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID-ის ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.

მსგავსი მასალა:

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404