კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ კომენტარები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს

ქალბატონ ეკა ბესელიას

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ სოფიო კილაძეს

კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ კომენტარები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა. კანონპროექტის თანახმად, ახალი სამსახური შეიქმნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნაცვლად და ამ უკანასკნელის დღევანდელ ფუნქციებთან ერთად, შეითავსებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ კონკრეტული ტიპის დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილებას.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა წლების განმავლობაში წარმოადგენდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების უცვლელ მოთხოვნას, შესაბამისად, კოალიცია დადებითად აფასებს კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ინიცირებას. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ინიცირებულ კანონპროექტზე კოალიციის მიერ მომზადებული არცერთი მოსაზრება არ გაიზიარა იუსტიციის სამინისტრომ. ამიტომ, იმედს ვიტოვებთ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მაქსიმალურად უზრუნველყოფს კანონპროექტთან დაკავშირებით არგუმენტირებული და ქმედითი მსჯელობა წარმართვას, რათა ერთობლივად შევძლოთ, ფუნდამენტურ საკითხებზე სწორი და რაციონალური გადაწყვეტილების მიღება.

სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი პასუხისგება საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.[1] სწორედ ამ სისტემური ხარვეზების გამოსწორების მიზნით, ჯერ კიდევ 2015 წელს, ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველო“ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან ერთად შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას საგამოძიებო და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციით.

წლების განმავლობაში კოალიცია, სწორედ ამგვარი მექანიზმის შექმნას უჭერდა მხარს, ვინაიდან მხოლოდ სისხლისსამათლებრივი დევნით აღჭურვილი მექანიზმი თუ შეძლებს, საქართველოში არსებულ გამოწვევებს ზედმიწევნით უპასუხოს. ამასთანავე, კოალიციის წევრი ორგანიზაციებისთვის დღემდე გაუგებარია თუ რა რაციონალური მიზნებით ერთიანდება პერსონალურ მონაცემთა მონიტორინგისა და გამოძიების, ორი ართანხმებადი ფუნქცია სახელმწიფო ინსპექტრის სამსახურის ქვეშ. თუმცა, ვინაიდან ამ საკითხების ირგვლივ ამ ეტაპზე არ არსებობს სათანადო პოლიტიკური ნება, კოალიცია ორიენტირდება სამ ფუნდამენტურ ხარვეზზე, რომელთა გამოსწორების გარეშე ნაკლებად სავარაუდოა ვიფიქროთ, რომ რეფორმა მიაღწევს ეფექტიანი და დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნის დეკლარირებულ მიზანს.

  1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატი

კანონპროექტის მე-3 მუხლის „თ“ პუნქტი გვთავაზობს იმ პირთა ჩამონათვალს, ვისზეც უნდა გავრცელდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატი, კერძოდ:

„ თ) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი - საქართველოს პროკურატურის მუშაკი (გარდა საქართველოს მთავარი პროკურორისა, აგრეთვე საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის პროკურორისა), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (გარდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა), საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი; „

აღნიშნული ჩანაწერი პრობლემურია რამდენიმე მიმართულებით: პირველ რიგში, იგი სახელმწიფო ინსპექტორის მანდატიდან ფაქტობრივად გამორიცხავს გამოძიების კომპეტენციას ისეთ დანაშაულებზე, რომლებიც შესაძლოა ჩადენილი იყოს საქართველოს მთავარი პროკურორის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ.

ინსპექტორის საგამოძიებო მანდატიდან მთავარი პროკურორის გამორიცხვა თავისთავად დადებითად ვერ შეფასდება, თუმცა ამ შეთხვევაში რისკებს აბალანსებს საქართველოს კანონი პროკურატურის შესახებ, რომელიც ითვალისიწნებს მთავარი პროკურორის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენისას, საპროკურორო საბჭოს მიერ განსაკუთრებული (ad hoc) პროკურორის დანიშვნის შესაძლებლობას.[2]

პასუხისგების მსგავსი მეთოდები არ ვრცელდება შინაგას საქმეთა მინისტრსა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე. კოალიცია განსაკუთრებით შემაშფოთებლად და ალოგიკურად მიიჩნევს, სამართალდამცავი ორგანოების უმაღლესი თანამდებობის პირების გამორიცხვას ინსპექტორის საგამოძიებო მანდატიდან. აღნიშნული პირები ხელმძღვანელობენ უწყებებს, რომელებიც ხასიათდებიან იერარქიულობით და სადაც, კონკრეტული სამართალდამცავების მოქმედებების კანონიერება ხშირ შემთხვევაში პირდაპირ არის განპირობებული იერარქიის სათავეში მყოფი პირის ქმედებებით თუ გადაწყვეტილებებით. ამასთანავე, აღსანიშნავია საქართველოს წარსული გამოცდილება და ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა - სანდრო გირგვლიანის საქმე, სადაც სწორედ უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა იყო ცენტრალური საკითხი. გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ინდივიდუალურთან ერთად, სახელმწიფოს განუსაზღვრაა ზოგადი ღონისძიებებიც, რომელიც სწორედ მაღალი თანამდებობის პირის შემთხვევაში გამოძიების მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.[3] ასეთ პირობებში, დაუსაბუთებელი და ალოგიკურია იმ პირების მანდატიდან გამორიცხვა, რომელთა ხელში ყველაზე მეტი ძალაუფლება არის კონცენტრირებული და შესაბამისად, მაღალია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკები.

  1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარობას მიკუთვნებული საკითხები

კანონპროექტის მე-19 მუხლის (1) პუნქტის თანახმად, სამსახური უფლებამოსილი იქნება, გამოძიება აწარმოოს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა:

  • წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა;
  • უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება/გადამეტება ძალადობის, ან იარაღის გამოყენებით, ან დაზარალებულის ღირსების შეურაცხყოფით;
  • ჩვენების მიცემის იძულება;
  • სამართალდამცავის მიერ შესაძლო ჩადენილ სხვა ნებისმიერ დანაშაულს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, როდესაც მსხვერპლი იმყოფებოდა პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ.

ცხადია, თითოეული ზემოაღნიშნული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია და დადებითად უნდა შეფასდეს, რომ ამ დანაშაულებზე გამოძიების უფლებამოსილება დამოუკიდებელ საგამოძიებო უწყებას მიენიჭება. ამავდროულად, აუცილებელია გავითვალისწინოთ არსებული კონტექსტი და სამართალდამცავთა მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულთა ის ტიპები, რომლებზეც ხშირად უთითებენ მოქალაქეები. ამ კუთხით, პირველ რიგში აღსანიშნავია ნარკოტიკული საშუალებების „ჩადების“ შემთხვევები, რაზეც ბოლო პერიოდში ხშირად გაისმის ხოლმე საჯარო ბრალდებები სამართალდამცავების მიმართ და აუცილებელია, აღნიშნული დანაშაულებიც მოექცეს ახლადშექმნილი უწყების საგამოძიებო ქვემდებარეობაში.

ამავდროულად, ზემოთ დასახელებულ დანაშაულთა უმრავლესობა მხოლოდ სპეციალური დათქმებით (მაგალითად, პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ ყოფნა, ძალადობის, ან იარაღის გამოყენება, დაზარალებულის ღირსების შეურაცხყოფა) ექცევა ინსპექტორის ქვემდებარეობაში. მსგავსი საკანონმდებლო მოწესრიგება კი პრობლემურია, რადგან ამგვარი ფაქტობრივი გარემოებები სწორედ გამოძიებით უნდა გამოიკვეთოს და გაირკვეს, იმყოფებოდა თუ არა მოქალაქე სამართალდამცავის ეფექტური კონტროლის ქვეშ, ჰქონდა თუ არა იარაღის გამოყენებას, ან დაზარალებულის შეურაცხყოფას ადგილი. აქედან გამომდინარე, ჩამოთვლილი დანაშაულები, თუკი არსებობს ვარაუდი, რომ ის ჩადენილია სამართალდამცავის მიერ, ავტომატურად უნდა მოექცეს ინსპექტორის საგამოძიებო ქვემდებარეობაში, სპეციალური დათქმების გარეშე.

სამოქალაქო სექტორის მიერ შემუშავებული კანონპროექტი (დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ), იაზრებდა რა არსებულ გამოწვევებს, დანაშაულთა წრის ჩამონათვალში სპეციალურად უთითებდა ისეთ შემთხვევებს, როდესაც სამართალდამცავის ბრალეულ ქმედებას შედეგად მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება, ცემა, ძალადობა, დამცირება, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა. იმისთვის რომ ინსპექტორის სამსახური სრულად გაუმკავლდეს არსებულ გამოწვევებს და მის მიერ გამოძიება თავიდანვე წარიმართოს ეფექტიანად, ჩამოთვლილ დანაშაულებთან ერთად, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს უპირატესი იურისდიქციის პრინციპით, უნდა შეეძლოს საქმის სხვა უწყებიდან ამოღება და მისი გამოძიების უფლება.

კოალიცია საკანონმდებლო ორგანოს სთავაზობს, ინსპექტორის უფლებამოსილებების ჩამონათვალს მე-19 მუხლში დაემატოს შემდეგი ქვეპუნქტი:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ უპირატესი იურისდიქცია შეიძლება განხორციელდეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ნებისმიერი დანაშაულის შემადგენლობის ჩადენის შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გამოძიების პროცესში სახეზე იქნება ინტერესთა კონფლიქტი. „

აღნიშნული ჩანაწერი საშუალებას მისცემს სახელმწიფო ინსპექტრის სამსახურს, განსაკუთრებით სენსიტიური საქმეები, რომლებიც მისი ექსკლუზიური იურისდიქციის მიღმა რჩება, თუმცა აჩენს ინტერესთა კონფლიქტის და შესაბამისად, არაეფექტური გამოძიების წარმოების რისკებს, დაექვემდებაროს მის იურისდიქციას.

  1. საპროკურორო ზედამხედველობა

კანონპროექტის თანახმად, ახლადშექმნილი სამსახური აღჭურვილი იქნება მხოლოდ საგამოძიებო კომპეტენციით. ამავდროულად, მასზე სრულად ხორციელდება საპროკურორო ზედამხედველობა. კანონპროექტის 22-ე მუხლის მიხედვით, ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ გამოძიებას საქართველოს მთავარ პროკურატურაში შექმნილი სპეციალიზირებული სტრუქტურული ერთეული უხელმძღვანელებს.

ქართული კანონმდებლობით, საპროკურორო ზედამხედველობის ფარგლები და შინაარსი მეტად ფართოა და ის ფაქტობრივად გულისხმობს გამოძიების პროცესის მთლიანად წარმართვას პროკურორის მიერ. არსებულ საგამოძიებო სისტემაში, ყველა უწყების გამომძიებელი ერთნაირი ხარისხით ექვემდებარება პროკურორის მითითებებს გამოძიების პროცესში და ამ მხრივ გამონაკლისს არც ინსპექტორის უწყება წარმოადგენს. კერძოდ, გამოძიების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ პროკურორი იღებს და არა გამომძიებელი:

ა) გამოძიების დაწყება, კვალიფიკაცია და საგამოძიებო ქვემდებარეობა

  • მთავარი პროკურორის ექსკლუზიური კომპეტენცია

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 (ა) პუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს ამოიღოს საქმე ერთი საგამოძიებო ორგანოდან და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა ორგანოს, თუნდაც საგამოძიებო ქვემდებარეობის წესების უგულებელყოფით. აღნიშნული ჩანაწერი საერთოდ აზრს უკარგავს ინსპექტორის სამსახურის არსებობას, ვინაიდან ნებისმიერი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმე, შესაძლოა საერთოდ არ დაექვემდებაროს მის კომპეტენციას.

ამგვარი უფლებამოსილების პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევებზე საუბრობს სახალხო დამცველი მის სპეციალურ ანგარიშშიც, სადაც აღნიშნავს, რომ რამოდენიმე სისხლის სამართლის საქმე გამოძიებისათვის გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, მაშინ როცა დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ყოფილიყო სამინისტროს თანამშრომლის მიერ.[4] მსგავსი პრაქტიკა, წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამოუკიდებელი გამოძიებისთვის დადგენილ სტანდარტებთან.

აღნიშნულის გათვალისიწნებით, აუცილებელია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელდეს ცვლილება, რომელიც მთავარი პროკურორის დისკრეციას შეზღუდავს ინსპექტორის მანდატს მიკუთვნებულ საქმეებთან დაკავშირებით. ამგვარი დათქმის გარეშე, მექანიზმი ცალსახა არაეფექტურობის საფრთხის წინაშე დგას.

  • დანაშაულის კვალიფიკაცია

საქართველოს სისხლის სამართლის 37-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, გამომძიებელი უფლებამოსილია დაიწყოს დანაშაულის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, თუმცა იმავე მუხლის მე-3 პუნქტით, გამომძიებელი ვალდებულია შეასრულოს პროკურორის სავალდებულო მითითება. დანაშაულის ზუსტ კვალიფიკაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება სამართალდამცავების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას. არასწორი კვალიფიკაცია, როგორც პრობლემური საკითხი ცნობილია საქართველოს პარლამენტისთვისაც, რომელმაც დადგენილებით მოუწოდა პროკურატურას, არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება სსკ 1441 და 1443 მუხლებით ეწარმოებინა.[5]

წარმოდგენილი კანონპროექტით, ინსპექტორს უფლება აქვს, გამოითხოვოს სხვა ორგანოდან საქმე გამოსაძიებლად, თუკი არსებობს ინფორმაცია, რომ აღნიშნული საქმე მიეკუთვნება მის საგამოძიებო ქვემდებარეობას.[6] თუმცა, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, სწორედ საქმის არასწორი კვალიფიკაცია წარმოადგენს ყველაზე დიდ გამოწვევას და თავიდანვე არასწორი კვალიფიკაციით საქმის წარმართვის შემთხვევაში, რთულად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება დაასაბუთოს ინსპექტორის სამსახურმა, რომ საქმე მის საგამოძიებო ქვემდებარეობას ეკუთვნის.

აქედან გამომდინარე, პრინციპულია, რომ სამართალდამცავის მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულზე ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური დამოუკიდებლად ანიჭებდეს ქმედებას კვალიფიკაციას და მასზე გავლენას არ ახდენდეს პროკურორი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვა კონფლიქტი პროკურატურასა და ინსპექტორს შორის საქმის კვალიფიკაციის თაობაზე, საქმე გამოსაძიებლად გადაეცეს ინსპექტორს.

ბ) გამომძიებლის და პროკურორის უფლებამოვალეობები გამოძიების პროცესში

გამოძიების ეფექტიანობის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.[7] იმისათვის რომ გამოძიება ჩაითვალოს ეფექტიანად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იხილავს არა მხოლოდ ინსტიტუციურ ან იერარქიულ დამოუკიდებლობას, არამედ აფასებს თუ რამდენად არის გამოძიება პრაქტიკულად დამოუკიდებელი.[8]

საპროკურორო ხელმძღვანელობის მასშტაბები ყველაზე ნათლად გამოძიების პროცესში პროკურორისა და გამომძიებლის უფლება-მოვალეობების განაწილებიდან ჩანს. მოქმედი კანონმდებლობით, ისეთ საგამოძებო ღონისძიებებს, როგორიცაა ფარული საგამოძიებო მოქმედებები; ჩხრეკა-ამოღება; კერძო საკუთრების, მფლობელობის ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შემზღუდავი სხვა საგამოძიებო მოქმედებები; ნიმუშის აღება და დათვალიერება, გამომძიებელი ახორციელებს მხოლოდ საქმის პროკურორის თანხმობით. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, მოწმის პირველადი გამოკითხვის გარდა, ფაქტობრივად ვერც ერთ სხვა მნიშვნელოვან საგამოძიებო ღონისძიებას ვერ განახორციელებს დამოუკიდებელად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, რთულად წარმოსადგენია, რას შეცვლის ახალი სამსახურის შექმნა, თუ იგი არ იქნება თავისუფალი ძირითადი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას.

ცალკე მსჯელობის საგანია პროკურორის სავალდებულო მითითება, რომელიც შეიძლება გამოძიებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს მიემართებოდეს და ამ გზით პროკურორს შეუზღუდავი გავლენა აქვს გამოძიების პროცესზე. გამომძიებელი ვალდებულია, დაემორჩილოს პროკურორის მითითებას, ან გაასაჩივროს იგი ზემდგომ პროკურორთან. ამ შემთხევაშიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს არა ინსპექტორის სამსახური, არამედ პროკურატურა, რომელიც დღესაც არის პასუხისმგებელი, სამართალდამცავთა მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულზე აწარმოოს დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება.

ინსპექტორის სამსახურის ფუნქციურ დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს კანონპროექტით გათვალისიწნებული საპროცესო მოქმედების ჩატარებაზე უარის გასაჩივრების უფლებაც. კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამის მოადგილეს უფლება აქვს, მიმართოს ზედამხედველ პროკურორს დასაბუთებული წინადადებით და მოითხოვოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება,[9] ასევე, სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში კონკრეტულ მტკიცებულებათა შეტანა. თუკი პროკურორი აღნიშნულს არ გაიზიარებს, ინსპექტორი უფლებამოსილია, წერილობითი წინადადება წარუდგინოს მთავარ პროკურორს.[10] აღსანიშნავია, რომ სპეციალური სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს საპროკურორო ზედამხედველობას ინსპექტორის წარმოებაში არსებულ გამოძიებაზე, უშუალოდ ექვემდებარება მთავარ პროკურორს. ასეთ პირობებში კი ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში, მთავარი პროკურორი მოგვევლინოს დამოუკიდებელი და ნეიტრალური არბიტრის როლში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმისთვის რომ ახლად შექმნილმა საგამოძიებო უწყებამ მასზე დაკისრებული ამოცანები ეფექტიანად განახორციელოს, სულ მცირე, აუცილებელია, რომ ის აღჭურვილი იყოს ყველა მნიშვნელოვანი საგამოძიებო ღონისძიების დამოუკიდებლად განხორციელების უფლებამოსილებით. სამსახური უზრუნველყოფილი უნდა იყოს ოპერაციული დამოუკიდებლობის იმ მინიმალური ხარისხით, რაც საჭიროა გამოძიების სრულად და ყოველმხრივ წარმართვისთვის. მას უნდა შეეძლოს ისეთი საგამოძიებო მოქმედებების დამოუკიდებლად ჩატარება/მათ ჩატარებაზე სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა, როგორიცაა: ფარული საგამოძიებო მოქმედებები; ჩხრეკა-ამოღება; კერძო საკუთრების, მფლობელობის ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შემზღუდავი სხვა საგამოძიებო მოქმედებები; ნიმუშის აღება და დათვალიერება. ეს ღონისძიებები ისედაც ექვემდებარება სასამართლო კონტროლს, შესაბამისად, გამორიცხულია უფლებების შემზღუდავი მოქმედებების გამოყენებაში თვითნებურობა ან ნებისმიერი სხვა რისკი.

შეჯამებისთვის, დღეს სწორედ პროკურატურის კომპეტენციაა იმ დანაშაულთა გამოძიება და მათზე სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდა გადაეცეს. ამდენად, დღეს სამართალდამცავთა დაუსჯელობის და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტური გამოძიების და დევნის პრობლემა სწორედ პროკურატურის პასუხისმგებლობაა. ამას ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებიც, რომლის მიხედვითაც, სამართალდამცავთა მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულზე, როგორც წესი, იწყება გამოძიება, თუმცა კონკრეტული პირები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ეძლევიან სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.[11]

შესაბამისად, კოალიცია მიიჩნევს, რომ არსებული ფორმით საპროკურორო ზედამხედველობის/სავალდებულო მითითების მექანიზმის პროკურატურისთვის შენარჩუნება, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სახლემწიფო ინსპეტორის მიერ დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების წარმოებას. ვინაიდან ამ ეტაპზე არ არსებობს პოლიტიკური ნება, მექანიზმს მიენიჭოს სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქცია, ალტერნატივის სახით, აუცილებლად მიგვაჩნია, საპარლამენტო განხილვების დროს ყურადღება გამახვილდეს ზემოაღნიშნულ ალტერნატიულ შემოთავაზებებზე.

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს კანონპროექტის განხილვის პროცესში. ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ განხილული პრინციპული საკითხები გახდება რეალური და შინაარსიანი დისკუსიის საგანი. პრობლემის სენსიტიურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, ახლად შექმნილი უწყება სრულად ეხმიანებოდეს ქვეყანაში არსებულ საჭიროებებს და კონტექსტს, ამავდროულად, სამსახური სარგებლობდეს მაღალი პროფესიული რეპუტაციითა და ნდობით საზოგადოებაში.


[1] Amnesty International ის 2017 წლის ანგარიში საგანგებო ყურადღებას ამახვილებს დამოუკიდებელი მექანიზმის არარსებობაზე, იხ: https://www.amnesty.org/en/countries/europe-and-central-asia/georgia/report-georgia/ ; საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში: „სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების პრაქტიკა, საკანონმდებლო რეგულაციაბუ და ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო სტანდარტები“, იხ: http://www.ombudsman.ge/uploads/other/1/1702.pdf; სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში, გვ.25,81- 87 იხ: http://www.ombudsman.ge/uploads/other/5/5139.pdf ;

[2] საქართველოს კანონი პროკურატურის შესახებ, მუხლი 81 (6)(ბ) (გ)

[3] მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებები:25 სექტემბერი, 2014 იხ: https://search.coe.int/cm/pages/result_details.aspx?objectid=09000016805c4d8b 6-8 დეკემბერი 2016, იხ: http://hudoc.exec.coe.int/eng?i=CM/Del/Dec(2016)1273/H46-10;

[4] საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების პრაქტიკა, საკანონმდებლო რეგულაციები და ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო სტანდარტები“, გვ.40-41 იხ: http://www.ombudsman.ge/uploads/other/1/1702.pdf

[5] იხ. საქართველოს პარლამენტის N1181- IIს დადგენილება „2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე, ხელმისაწვდომია < http://parliament.ge/ge/ajax/downloadFile/71413/1181 >

[6] კანონპროექტის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი

[7]Ramsahai and Others v. the Netherlands, Judgment of 15 May 2007, application no. 52391/99, paras. 62-63; İpek v. Turkey, Judgment of 17 February 2004, application no. 25760/94, para. 207; Altun v. Turkey, Judgment of 1 June 2004, application no. 24561/94, para. 74.

[8] Barbu Anghelescu v. Romania, Judgment of 5 October 2004, application no. 46430/99, para. 67; . Gharibashvili v. Georgia, Judgment of 29 July 2008, application no. 11830/03, para. 73

[9] კანონპროექტი, მუხლი 19, პუნქტი 5, „ბ“ ქვეპუნქტი.

[10] კანონპროექტი, მუხლი 19, პუნქტი 6.

[11] საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების პრაქტიკა, საკანონმდებლო რეგულაციები და ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო სტანდარტები“, იხ: >, კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან: http://www.ombudsman.ge/ge/about-us/struqtura/departamentebi/sisxlis-samartlis-martlmsadjulebis-departamenti/siaxleebi/saxalxo-damcvelma-evropis-sabchos-ministrta-komitetis-winashe-morigi-komunikacia-waradgina1.page

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404