ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024

კოალიცია უარს ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა

შერჩევის სამთავრობო კომისიას

2017 წლის 17 აგვისტოს თქვენი #4920 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის საქმიანობაში.

როგორც მოგეხსენებათ, კოალიციამ აღნიშნულ საკითხზე ჯერ კიდევ 2017 წლის 28 ივლისს გაავრცელა საჯარო განცხადება, რომლითაც მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას შეეცვალა ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესი და პროცედურები, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი შემადგენლობით და პროცედურით კომისიამ ორჯერ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას - მკაცრი, სამართლიანი და გამჭვირვალე შერჩევის პროცედურის შედეგად შეედგინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ისეთი სია, რომელიც ევროპის საბჭოს რეალური არჩევანის საშუალებას მისცემდა. საჯარო განცხადებასთან ერთად, კომისიაში კოალიციის წარმომადგენელმა კომისიას ელ-ფოსტის საშუალებით იმავე დღეს აცნობა კოალიციის აღნიშნული პოზიცია. სამწუხაროდ აღნიშნული პოზიცია სახელმწიფოს მიერ გაზიარებული არ იქნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” არ გვაქვს მოლოდინი, რომ მესამედ იმავე შემადგენლობისა და პროცედურების პირობებში კონკურსი ობიექტურად ჩაივლის და მიგვაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე სრულად აზრი ეკარგება კომისიის მუშაობაში ჩვენს ჩართულობას.

პატივისცემით,

ეკა გიგაური

კოალიციის თავმჯდომარე

მსგავსი მასალა:

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404