ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024
არასამთავრობო ორგანიზაციები რეპრესიული ნარკოპოლიტიკისა და პოლიციის სისტემის რეფორმას მოითხოვენ
კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” და “საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა” ეხმაურებიან დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენსა და პარალელურად, ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს.
მუსიკოსების დაკავების დღეს სასამართლომ სტურუას თვითმკვლელობის საქმეში ბრალდებული პოლიციელის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რამაც საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტის გრძნობა გააჩინა. ასევე ორმაგი სტანდარტებით მართლმსაჯულების განხორციელების განცდა შექმნა იმ ფაქტმა, რომ თვითმკვლელობის უმძიმეს საქმეში სასამართლომ პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტიც კი ვერ დაადგინა, არტისტების მიმართ უკიდურესად საეჭვო საფუძვლებით დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეში კი მათ პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით მუსიკოსების საქმის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა და პოლიტიკური ფიგურების მოწოდებების შემდეგ მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლამ, ფაქტობრივად დაადასტურა ამ საქმეში მართლმსაჯულების ორგანოების პოლიტიზირების პრობლემა.
წლების განმავლობაში სამართალდამცავი სისტემის უმთავრეს გამოწვევას პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების შემთხვევები, ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება წარმოადგენდა. ამასთან, გავრცელებული პრაქტიკა იყო ნარკოტიკული დანაშაულის გამოყენებით არასასურველი პირების იზოლაცია, რაც გასულ წლებში სისტემურ სახეს ატარებდა. სამწუხაროდ, ნარკოტიკული ნივთიერებების შესაძლო ჩადებაზე საუბარი ბოლო თვეების განმავლობაში კვლავ აქტუალური გახდა. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის პირობებში შემუშავებული და დღესაც მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა კომფორტულ სივრცეს ქმნის პოლიციისა და პროკურატურისთვის, განახორციელონ მოქალაქეებზე სხვადასხვა ტიპის ზეწოლა, იძულება და სხვა არაკანონიერი მიზნები.
სამწუხაროდ, ამ დრომდე არ გატარებულა ადეკვატური ზომები, იმისთვის, რომ სამართალდამცავ უწყებაში არსებული დაუსჯელობის სინდრომი აღმოფხვრილიყო და სათანადო რეაგირება მოჰყოლოდა პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ გადაცდომებს. ხელისუფლება ამ მომენტამდე არ თანხმდება რეალურად დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას. სასამართლოს მხრიდან მისთვის დაკისრებული მაკონტროლებლის ფუნქციის არასათანადოდ შესრულება კი პირდაპირ ახალისებს ისეთ მავნე პრაქტიკებს, როგორიცაა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ადამიანის უფლებათა უსაფუძვლო შეზღუდვა და სხვა.
ორივე ზემოაღნიშნული საქმე სწორედ ამ ზოგადი კონტექსტის ნათელი გამოხატულებაა. ხსენებულ საქმეებში მხოლოდ მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ გახდა შესაძლებელი პროკურატურას დაეწყო გამოძიება პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების ორგანოები გამართულად ვერ ფუნქციონირებს და მათი მოქმედება დიდწილად ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ განწყობებზეა დამოკიდებული. ეს კი გამორიცხავს საზოგადოების რწმენას ქვეყანაში სამართლის უზენაესობის არსებობის მიმართ.
ამ ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ხსენებული კომპლექსური პრობლემები მხოლოდ კონკრეტული პოლიციელების ერთეულ გადაცდომებამდე და პასუხისმგებლობამდე არ იყოს დაყვანილი. ასევე საჭიროა საკითხების გააზრებისას სათანადო ყურადღება მიექცეს როგორც რეპრესიული ნარკოპოლიტიკის, ისე სამართალდამცავი და მართლმსაჯულების ორგანოების რეფორმირების აუცილებლობას. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები კონკრეტულ სამართლებრივ რეფორმებში დროულად უნდა გამოიხატოს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯები მხოლოდ ნარკოპოლიტიკის ცვლილებით არ შემოიფარგლოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია:
- მოხდეს პრობლემის ადეკვატური გააზრება და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა სწორი შეფასება მისცენ პრობლემას, რომელიც სცილდება ნარკოპოლიტიკას და სისტემური მიზეზები გააჩნია;
- განხორციელდეს სასამართლოს ძირეული რეფორმა და ჩამოყალიბდეს პოლიტიკური ჯგუფების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოებისგან თავისუფალი, ძლიერი და კომპეტენტური სასამართლო კორპუსი;.
- გატარდეს ძირეული რეფორმა სამართალდამცავ სისტემაში, რომლის მიზანიც იქნება თანამედროვე პოლიციის ჩამოყალიბება, სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების რისკები სამართალდამცავთა მხრიდან;
- განხორციელდეს არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის საფუძვლიანი გადახედვა, რომლის შედეგადაც ძირითადი აქცენტები მოქალაქეთა დასჯიდან და იზოლაციიდან, გადავა საჭიროების მქონე ადამიანების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე;
- შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც იქნება უფლებამოსილი, აწარმოოს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე;
მსგავსი მასალა:
განცხადებები:
პუბლიკაციები:
სიახლე:
დაკავშირება:
თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.
+995 (32) 2505404