ბოლო განახლება: 12 დეკემბერი 2024

კოალიციის მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი 2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს,

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს,

კოალიცია გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის მიმართვა

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

მოგმართავთ 2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის № 623 დადგენილების თანახმად, შეიქმნა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისია, რომლის მიზანსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევა და საქართველოს მთავრობისათვის მათი წარდგენა წარმოადგენდა.

კოალიციის მხრიდან დადებითად შეფასდა მთავრობის ინიციატივა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევა მომხდარიყო კომისიის მიერ, რისი ვალდებულება სახელმწიფოს საკანონმდებლო დონეზე არ გააჩნია.

ინციატივა კოალიციის მიერ აღქმულ იქნა, როგორც მთავრობის პოზიცია, რომ ხელისუფლება აპირებდა გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესით, კანდიდატის მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაციის გათვალისწინებით, შერჩევას. ამგვარი გამოცდილება საქართველოში მანამდე არ ყოფილა, რაც უდავოდ მისასალმებელი ფაქტი გახლდათ.

როგორც მოგეხსენებათ, ზემოხსენებული დადგენილების თანახმად, კოალიციის წარმომადგენელმა, როგორც წევრმა, მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის მუშაობაში.

კომისიის საქმიანობაში ჩვენმა უშუალო მონაწილეობამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი წევრების მიერ გაკეთებული შეფასებები ეფუძნებოდა არა დადგენილებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატთა შესაბამისობის დადგენას, არამედ მიზნად ისახავდა წინასწარ განსაზღვრული კანდიდატების უპირობო მხარდაჭერას და მათ მთავრობისადმი წარსადგენ კანდიდატთა შორის მოხვედრის უზრუნველყოფას, რატომაც მიგვაჩნია რომ ფაქტობრივად აზრი დაეკარგა კომისიის მუშაობას და ამ მნიშვნელოვან ინიციატივას შინაარსი გამოეცალა.

ამის თვალსაჩინო გამოვლინებაა ის ფაქტი, რომ საუკეთესო ქულების მქონე 5 კანდიდატს შორის ვერ მოხვდნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირები, მაშინ, როცა მის შემადგენლობაში მოხვდა კანდიდატი, ვინც კომისიის შემადგენლობაში შემავალი არასახელისუფლებო პირების (სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, კოალიციის წარმომადგენელი) მხრიდან უკიდურესად დაბალი შეფასებები დაიმსახურა.

კოალიცია, როგორც კომისიის წევრი მნიშვნელოვნად თვლის ხსენებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს როგორც თქვენთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის.

ამავდროულად კოალიციას საჭიროდ მიაჩნია, გარდა ზემოხსენებულისა, გაგიზიაროთ საკუთარი მოსაზრებები იმ საჭიროებების, ხარვეზებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ, რომელიც პროცედურული თვალსაზრისით თან ახლდა ხსენებულ კონკურსს:

კონკურსის წესით კანდიდატთა შერჩევა

კოალიციას მიაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის ორგანიზება როგორც ევროპულ სასამართლოში საქართველოს მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის დროს, ასევე სხვა საერთაშორისო საექსპერტო თუ კვაზისასამართლო ორგანოებში წარმომადგენელთა შერჩევის დროსაც, მაშინ როდესაც საქართველოსთვის გათვალისწინებულია შესაბამისი ქვოტა. იმედი გვაქვს, მთავრობა განიხილავს ამ შესაძლებლობას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

კომისიის საქმიანობის რეგულირება:

  • მიზანშეწონილია, რომ კომისიის ფუნქციონირების წესი და პროცედურა გაწერილი იყოს კანონით და არა მთავრობის დადგენილებით - ეს მეტ ლეგიტიმაციას და სტაბილურობას შესძენს ამ პროცესს.
  • ასევე მნიშვნელოვანია, დეტალურად და ნათლად იყოს გაწერილი კომისიის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები და კანდიდატთა შერჩევის პროცედურის მთელი რიგი საკითხები, რაც დადგენილებით არ არის დარეგულირებული.

კომისიის შემადგენლობა:

  • ვინაიდან კომისიის მიერ შერჩეული 5 კანდიდატიდან 3 კანდიდატის შერჩევა საბოლოოდ მთავრობის პრეროგატივაა, მიზანშეწონილი არ არის, კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები. წინააღმდეგ შემთხვევაში გვაქვს რეალობა, როცა ერთსადაიმავე პირს/უწყებას ფაქტიურად ორი ხმა აქვს კანდიდატთა შერჩევის პროცესში - შერჩევის როგორც პირველ, ასევე მეორე ეტაპზე, რაც ფაქტობრივად აზრს უკარგავს ხსენებულ პროცესს.
  • სასურველია, კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილი იყოს საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, ასევე პარლამენტის წევრი, რომელიც არ იქნება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

კომისიის ფუნქციონირების საკითხები, რომლებიც რეგულირებას საჭიროებს:

  • აუცილებელია კანონმა დაადგინოს ინტერესთა კონფლიქტის, აცილებისა და თვითაცილების საფუძვლები და პროცედურა;
  • ამასთან მიმართებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია იუსტიციის მინისტრის მოადგილის მონაწილეობა კონკურსში სხვა კანდიდატებთან თანაბარ გარემოში, ყოველგვარი შეზღუდვის (უფლებამოსილების შეჩერების, ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრის ადეკვატური მექანიზმის) გარეშე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა კომისიის თავმჯდომარე იყო იუსტიციის მინისტრი, ხოლო სამდივნო დაკომპლექტებული იყო სამინისტროს თანამშრომლებით, რაც - მინიმუმ გარე აღქმით - არათანაბარ გარემოში აყენებდა სხვა კანდიდატებს.
  • მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა ითვალისწინებდეს კონკურსის ყველა ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, პროცედურული დარღვევის, დისკრიმინაციის ფაქტის ან სხვა მსგავსი შემთხვევის დროს;
  • დადებით შეფასებას იმსახურებს გამჭვირვალობის სტანდარტი კომისიის მუშაობაში, რომლის თანახმადაც კანდიდატების ვინაობა, მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ტესტირების შედეგები, გასაუბრების შეფასებები, ასევე კომისიის გადაწყვეტილებები და ოქმები უნდა გამოქვეყნდეს. მთავრობის დადგენილების თანახმად, კომისიის სხდომები ასევე ღიაა მედიისთვის. თუმცა იმისათვის, რომ ამგვარ გამჭვირვალობას რეალური აზრი ჰქონდეს, აუცილებელია კომისიის თითოეული წევრი მხოლოდ საერთო ქულას კი არ ანიჭებდეს კანდიდატს, არამედ ვალდებული იყოს (და არა უფლებამოსილი) ცალ-ცალკე შეაფასოს კანდიდატის შესაბამისობა თითოეულ კრიტერიუმთან და ასევე დაასაბუთოს მის მიერ მინიჭებული ქულა. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესის გამჭვირვალობა მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება. აქვე, მნიშვნელოვანია, რომ დაიხვეწოს კანდიდატთა შეფასების ფორმები;
  • უაღრესად მნიშვნელოვანია, დაკონკრეტდეს რა იგულისხმება “მაღალ მორალურ და პროფესიულ რეპუტაციაში.” კერძოდ, უნდა გაიწეროს, რა ფაქტორები უნდა მიიღონ რეპუტაციის შეფასებისას მხედველობაში კომისიის წევრებმა სავალდებულო სახით, და სხვ. ამ მხრივ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კანონით ე.წ. ინფორმაციის მოძიების (background check) პროცედურის გათვალისწინება. ეს ნიშნავს იმას, რომ სრულყოფილი შეფასების მიზნით, გასაუბრებამდე მოხდეს ყველა კანდიდატზე ერთიანი, სტანდარტიზებული პროცედურის და კითხვების გამოყენებით, ინფორმაციის მოძიება, რომელიც დაეხმარება კომისიას, შეაფასოს კანდიდატი, განსაკუთრებით მისი რეპუტაციის შესაბამისობა ევროპის სასამართლოს მოსამართლის მაღალ სტატუსთან;
  • აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კანდიდატთან დაკავშირებით დაფიქსირდა კომისიის წევრების მხრიდან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები. შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს ასეთ შემთხვევებში კომისიის წევრებს შორის ღია მსჯელობის გამართვის აუცილებლობა.

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მთავრობა საკითხის განხილვის დროს მხედველობაში მიიღებს კოალიციის მიერ პროცესში უშუალო ჩართულობის შედეგად დაფიქსირებულ და ამ მიმართვაში აღწერილ მნსვნელოვან გარემოებებს.

აქვე გაცნობებთ, რომ კოალიცია აღნიშნულ მიმართვას მედიის მეშვეობით გააცნობს დაინტერესებულ საზოგადოებას.

პატივისცემით,

ანა ნაცვლიშვილი

კოალიცია გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის

თავმჯდომარე

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის წევრი

მსგავსი მასალა:

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404