ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024
გაჭიანურებული სასამართლო რეფორმა და თანმდევი პოლიტიკური პროცესები
სასამართლო სისტემაში არსებული კრიზისების, არაჯანსაღი გავლენებისა და არაფორმალური ძალაუფლების, ასევე საზოგადოების ნდობის დაბალი ხარისხის პირობებში, რეფორმების არაგონივრული დაყოვნების გარეშე განხორციელება არსებითად მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის “მესამე ტალღა” აზრთა სხვადასხვაობის, დაპირისპირებებისა და პოლიტიკური შეთანხმებების საგნად იქცა, რამაც საპარლამენტო განხილვებისა და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის კანონად ქცევის პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. ამ პროცესს თან ახლდა მოსამართლეთა კორპუსის განსაკუთრებული კონსოლიდაცია, რამაც გაზარდა წინააღმდეგობა და დაპირისპირება კანონპროექტის ინიციატორებთან.
“მესამე ტალღის” რეფორმის მიმდინარეობა, მასში ეტაპობრივად განხორციელებული ცვლილებები თუ დათმობები სასამართლოსა და პოლიტიკურ ხელისუფლებას შორის გასული თვეების განმავლობაში არსებული არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი ურთიერთობის ნათელი გამოვლინება იყო, რაც ასევე დადასტურდა წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მსვლელობის ანალიზის პროცესში.
“მესამე ტალღის” კანონპროექტები დროთა განმავლობაში იცვლებოდა, რაც ცალკეულ შემთხვევებში დახურულ შეხვედრებსა და კულუარულ შეთანხმებებს ეფუძნებოდა, ხდებოდა გარკვეული ნორმების გადასინჯვა, მათ შორის, ცალკეული პოზიტიური ცვლილებების ამოღება კანონპროექტიდან, რამაც საბოლოო ჯამში არსებითად შეცვლა კანონპროექტის თავდაპირველი და საბოლოო ვერსიების შინაარსი. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის დასკვნით ვერსიაში გათვალისწინებული ინიციატივები არსებით გარდატეხას და გაუმჯობესებას სასამართლო სისტემაში ვერ გამოიწვევს, მათ შორის, პრინციპულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს სასამართლო სისტემაში დღეს არსებულ არაჯანსაღ ურთიერთობებსა და გავლენებს, მასში ასახულია ცალკეული პროგრესული დებულებები, რომელთა დაუყოვნებლივ ამოქმედება არსებითად მნიშვნელოვანია. ასევე, რეფორმის მესამე ეტაპის განხილვამ კარგად აჩვენა ის ახალი და რეალური გამოწვევები, რომლის წინაშეც სასამართლო და ინდივიდუალური მოსამართლეები დგანან. გამომდინარე აქედან, კვლავ კრიტიკულად მწვავეა სასამართლო სისტემაში გარდამტეხი ცვლილებების განხორციელების საჭიროება.
დაკავშირებული ბმულები:
ამავე კატეგორიაში:
განცხადებები:
პუბლიკაციები:
სიახლე:
დაკავშირება:
თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.
+995 (32) 2505404