ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024
შეწყალების უფლებამოსილების კვლევის საჭიროება
ადამიანის უფლებათა ცენტრს შეწყალების საქმეებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება დაუგროვდა. ორგანიზაციის პრაქტიკაში გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რომელთა იდენტიფიცირება და შემდგომ ეტაპზე - აღმოფხვრა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შეწყალების მექანიზმის არსებულ მოდელს.
კერძოდ, მსჯავრდებულთათვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის საინტერესოა და ზოგჯერ, ბუნდოვანია ისეთი საკითხები, როგორიცაა:
- შეწყალების საკითხთა კომისიისა და პრეზიდენტის განსხვავებული პოზიციები, როდესაც შეწყალების კომისია მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე ერთხმად გასცემს დადებით დასკვნას, მაგრამ პრეზიდენტი უარს აცხადებს შეწყალებაზე. რიგ შემთხვევებში კი პირიქით - კომისია ერთხმად იღებს უარყოფით გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით, მაგრამ პრეზიდენტი მაინც იწყალებს მსჯავრდებულს.
- საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალება კრიტერიუმების დაუცველად, პირდაპირი წესით, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით ან ე. წ. განსაკუთრებული გარემოების საფუძველზე, რაზეც მას რეკომენდაციას აწვდის შეწყალების კომისიაც. თუკი შეწყალების საკითხთა კომისია არსებობს, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, გაუგებარია, რატომ უვლის მას გვერდს პრეზიდენტი ზოგიერთი მსჯავრდებულის შეწყალებისას. მსჯავრდებულთათვის, ასევე, უცნობია, რა განეკუთვნება განსაკუთრებულ გარემოებებს, რითაც პრეზიდენტი და შეწყალების კომისია ხელმძღვანელობს.
- თანასწორობის პრინციპის დაცვა შეწყალების პროცესში და საქართველოს საპატრიარქოს ზეგავლენა და როლი ამ კუთხით. წლების განმავლობაში, საქართველოს საპატრიარქოდან შესაწყალებელ მსჯავრდებულთა სიები შეწყალების კომისიის გვერდის ავლით პირდაპირ პრეზიდენტთან იგზავნებოდა, რა დროსაც დამკვიდრდა პრაქტიკა, რომ საქართველოს საპატრიარქო შეწყალების პროცესის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. შეწყალების კომისიის წევრია მართლმადიდებელი სასულიერო პირი, მაშინ როდესაც სხვა კონფეციების წარმომადგენლები კომისიაში არ არიან შეყვანილნი. ამ კუთხით, შესაძლოა, ირღვეოდეს თანასწორობის პრინციპი იმ პირთა მიმართ, რომლებიც არიან სხვა რელიგიის მიმდევრები.
- სახალხო დამცველის როლი შეწყალების პროცესში. „სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის 21–ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახალხო დამცველი უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ– მინისტრს, თუ მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის განკარგულებაში რეაგირების საშუალებები არასაკმარისია. 2013-15 წლებში საქართველოს სახალხო დამცელმა აღნიშნული უფლებამოსილება სულ ორჯერ გამოიყენა, როდესაც მან შეწყალების კომისიას, პრეზიდენტს კონკრეტული პირების შეწყალების თხოვნით მიმართა. სახალხო დამცველის ყოველწიურ საპარლამენტო ანგარიშებში ხშირად არის წარმოდგენილი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმის შესწავლის შესახებ ინფორმაცია. მრავალ შემთხვევაში ხდება მნიშვნელოვანი საპროცესო და მატერიალურ- სამართლებრივი დარღვევების იდენტიფიცირება. ამ უფლებადარღვევების აღმოფხვრის ერთ- ერთ საშუალებას წარმოადგენს შეწყალების გამოყენება. სწორედ ამ კუთხით არის საინტერესო სახალხო დამცველის როლის გაანალიზება და შესწავლა. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს სახალხო დამცველის ერთობლივი თანამშრომლობის გზით, შესაძლებელი გახდება მართლმსაჯულების შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრა.
ამ და სხვა მნიშვნელოვანი სადისკუსიო საკითხების იდენტიფიცირებისა და გაანალიზების მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა კვლევა, რომლის მიზანია შეწყალების მექანიზმის გამჭვირვალე და ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა საქართველოში.
კვლევის ფარგლებში განხორციელდა უცხო ქვეყნებში მოქმედი შეწყალების მექანიზმის შედარება ქართულ მოდელთან. ამ მხრივ, გაანალიზდა შეწყალების პრაქტიკა და საკანონმდებლო რეგულაციები ათზე მეტ ქვეყანაში.
საბოლოო ჯამში, კვლევამ აჩვენა, რომ ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია შეწყალების უფლებამოსილებას ექსკლუზიურად ანიჭებს სახელმწიფოს მეთაურს - პრეზიდენტს, დადებითად უნდა ჩაითვალოს შეწყალების ინსტიტუტის ისეთი მოდელის არსებობა, როდესაც პრეზიდენტი ქმნის სათათბირო ორგანოს - შეწყალების საკითხთა კომისიას, რომელიც მას აწვდის რეკომენდაციას მსჯავრდებულთათვის შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული მოდელი საკმაოდ დემოკრატიულია, მაგრამ რიგი საკითხები საჭიროებს გაუმჯობესებას, რათა მსჯავრდებულებს და საზოგადოებას არ დარჩეს ბუნდოვანებისა და არაობიექტურობის განცდა პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემისას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კვლევის ფინალში მოწოდებული რეკომენდაციები.
დოკუმენტის ჩამოტვირთვა:
ამავე კატეგორიაში:
განცხადებები:
პუბლიკაციები:
სიახლე:
დაკავშირება:
თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.
+995 (32) 2505404