კოალიცია საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის სხდომას ეხმაურება

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის საჭიროდ მიიჩნევს, კიდევ ერთხელ შეაფასოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობა და გამოეხმაუროს საბჭოში დღეს დანიშნულ მოსამართლეთა შერჩევის სხდომას. როგორც ცნობილია, კოალიცია უარყოფითად აფასებს კონკურსის ჩატარებას იმ მინიმალური პროცედურული გარანტიების გვერდის ავლით, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. მიმდინარე კონკურსმა, ისევე როგორც წინა პერიოდში ჩატარებულმა კონკურსებმა, ვერ შექმნა განცდა, რომ საბჭო ადეკვატური პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერებით ეკიდება მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას, იყენებს ყველა შესაძლო გზას იმისათვის, რომ სასამართლო სისტემაში მხოლოდ ღირსეული მოსამართლეები დაინიშნონ. მიმდინარე კონკურსის პროცესში დაფიქსირებული არაერთი ხარვეზი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთლიანად მოსამართლეთა შერჩევის პროცესის სათანადოდ განხორციელებას და ამდენად, გავლენას ახდენს კონკურსის შედეგების აღიარებაზე. ეს კი საზოგადოების თვალში სასამართლო სისტემის მიმართ კიდევ უფრო დიდ იმედგაცრუებას იწვევს.

აქვე გვსურს გამოვეხმაუროთ 2016 წლის 11 ივლისის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოწოდებას, რომ კოალიციამ საბჭოს წარუდგინოს ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატების შესახებ. გვსურს საბჭოს განვუმარტოთ კოალიციის პოზიცია ზოგადად მოსამართლეების შესარჩევი მიმდინარე კონკურსის შესახებ, საბჭოს მიერ მოსამართლეების დანიშვნის და კონკრეტულად მოსამართლეობის კანდიდატებზე საბჭოსთვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე.

როგორც მოგეხსენებათ, კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია ინდივიდუალურად შეაფასოს კონკურსში მონაწილე მოსამართლეობის კანდიდატი და შეფასებისას იხელმძღვანელოს ობიექტურობის, სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპებით. თავის მხრივ, შეფასება უნდა ეფუძნებოდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, კონკურსის შესაბამის ეტაპზე მოძიებულ ინფორმაციას და გასაუბრების შედეგებს.

გვსურს კიდევ ერთხელ მივაპყროთ საბჭოს წევრთა და საზოგადოების ყურადღება კოალიციის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო განცხადებაზე, სადაც დეტალურად არის შეფასებული საბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსის შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ პროცედურებთან, მაღალკვალიფიციური და მიუკერძოებელი მოსამართლეების დანიშვნის მიზანთან. აღნიშნულ განცხადებაში, შესაბამისი არგუმენტების მითითებით, არის ხაზგასმული ის გარემოება, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ფაქტობრივად არ ჩაატარა მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რაც გულისხმობს საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებას (მოსამართლეობის კანდიდატების სიის გამოქვეყნებიდან 3 დღეში საბჭო შეუდგა გასაუბრების ჩატარებას). აღნიშნული პროცედურის ზედმიწევნით ჩატარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოსამართლეობის იმ კანდიდატების შემთხვევაში, რომელთა მიუკერძოებლობის საკითხზეც, მათივე წარსული სამოსამართლო გამოცდილებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, საზოგადოებაში ძალიან მწვავე და ლეგიტიმური კითხვები არსებობს. მოსამართლეობის მიმდინარე კონკურსში კი ამგვარი არაერთი კანდიდატი მონაწილეობს.

კანონმდებლობის თანახმად, საბჭო თავად იყო ვალდებული რეალურად ჩაეტარებინა კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების ეტაპი. კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, აღნიშნულ ეტაპზე დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა საბჭოს მიაწოდონ კანდიდატების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, საბჭომ საამისო პროცედურა არ განახორციელა, რამაც გამორიცხა საბჭოსთვის მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გარეშე პირების მხრიდან. ასეთ პირობებშიც კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ცხადია, რჩებოდა პასუხისმგებლობა თავად მოეძიებინა კანდიდატის შესახებ ყველა სათანადო ინფორმაცია, რაც საჭიროა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლის შესარჩევად.

ზემოაღნიშნული ხარვეზების გათვალისწინებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საბჭოს მიერ ჩატარებული, კონკურსის ორი უმნიშვნელოვანესი ეტაპის - კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და კანდიდატებთან გასაუბრებების ეტაპების - შესაბამისობა კანონმდებლობასთან და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეების დანიშვნის მიზანთან. აღნიშნული ნდობას და ლეგიტიმაციას უკარგავს საბჭოს მიერ ჩატარებულ კონკურსს. ხოლო, ასეთი გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად მოსამართლეების დანიშვნა უკიდურესად უარყოფითად იმოქმედებს როგორც სასამართლოს მიმართ ნდობაზე, ისე მის დამოუკიდებლობაზე.

მსგავსი მასალა:

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404